მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ბაიდენმა ტრამპის გამართლების შემდეგ განაცხადა, რომ ამერიკაში „დემოკრატია მყიფეა“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის გამართლება ამბოხების წაქეზებაში იმის შემხსენებელია, რომ „დემოკრატია მყიფეა“.

„ამ სამწუხარო თავმა ჩვენი ისტორიისა შეგვახსენა, რომ დემოკრატია მყიფეა. შეგვახსენა, რომ ის ყოველთვის უნდა იყოს დაცული; რომ ჩვენ მუდამ ფხიზლად უნდა ვიყოთ; რომ ძალადობისა და ექსტრემიზმის ადგილი ამერიკაში არ არის; და რომ თითოეულ ჩვენგანს, როგორც ამერიკელს, განსაკუთრებით კი ლიდერებს, აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა, დაიცვას სიმართლე და დაამარცხოს ტყუილები“, განაცხადა ბაიდენმა სენატის მიერ ტრამპის გამართლების საპასუხოდ.

ბაიდენს ტრამპის იმპიჩმენტის პროცესისთვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, არ უყურებია.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა. კონგრესის ზედა პალატაში იმპიჩმენტის წინააღმდეგ 43-მა სენატორმა მისცა ხმა, მომხრე კი 57 იყო, მათ შორის „რესპუბლიკელებიც“, თუმცა იმპიჩმენტისთვის სენატის წევრთა 2/3-ის მხარდაჭერა იყო საჭირო.

ტრამპი დამნაშავედ შვიდმა „რესპუბლიკელმა“ ცნო, თუმცა იმისათვის, რომ მისი იმპიჩმენტი შემდგარიყო, დემოკრატების გარდა 17 „რესპუბლიკელი“ სენატორის მიერ ხმის მიცემა იყო საჭირო.

გამართლების შემდეგ, ტრამპმა განცხადება გამოაქვეყნა და კონგრესში მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესი „ისტორიაში კუდიანებზე ყველაზე დიდ ნადირობად“ შეაფასა.

კენჭისყრის შემდეგ, მთავარმა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა მიტჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ ტრამპი პასუხისმგებელი იყო კაპიტოლიუმზე თავდასხმაში და ამას პრეზიდენტის „მოვალეობიდან საზიზღარი, საზიზღარი გადახვევა“ უწოდა. მიუხედავად ამისა, მან ტრამპის იმპიჩმენტის წინააღმდეგ მისცა ხმა და თქვა, რომ მას შემდეგ, რაც იგი უკვე პრეზიდენტი არ არის, მისი იმპიჩმენტი არაკონსტიტუციურია. სწორედ მაკკონელი, სენატის უმრავლესობის ლიდერი იყო მთავარი იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება სენატში 20 იანვრამდე, ბაიდენის ინაუგურაციამდე არ შემდგარიყო.

ტრამპს, 6 იანვარს კაპიტოლიუმში მისი მომხრეების შეჭრის გამო, ამბოხების წაქეზებაში სდებდნენ ბრალს. თუკი მას სენატი დამნაშავედ ცნობდა, მას სამუდამოდ აეკრძალებოდა თეთრი სახლის ისევ დაკავებისთვის ბრძოლა, ტრამპი კი, როგორც ცნობილია, აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და ამის მიმნიშებელია მისი გამართლების შემდეგ გაკეთებული განცხადებაც: „ჩვენი ისტორიული, პატრიოტული და მშვენიერი მოძრაობა, გავხადოთ ამერიკა დიდებული ისევ, მხოლოდ ახლა დაიწყო“. 

დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი პრეზიდენტი, რომელსაც კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა.

GUARDIAN.GE