მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ბაიდენმა ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინა არასდროს დარჩება მარტო და აშშ მის გვერდით იდგება რუსეთთან ომში „იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება“

ჯოზეფ ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით იდგება რუსეთთან ომში „იმდენ ხანს, რამდენი ხანიც ეს საჭირო იქნება“. „თქვენ არასდროს დარჩებით მარტო“, უთხრა ბაიდენმა ზელენსკის თეთრ სახლში ვიზიტისას.

რუსეთის უკარინაში შეჭრის შემდეგ, ეს ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი ვიზიტი იყო უცხოეთში.

 

ბაიდენმა უკრაინის დასახმარებლად 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი პაკეტი დაამტკიცა და დამატებით 45 მილიარდის დაპირება გასცა.ზელენსკიმ მადლიერება გამოხატა ვაშინგტონის მხარდაჭერის გამო.

 

ოთხშაბათს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას „სულ არ აწუხებს“ საერთაშორისო კოალიციის ერთიანობა. შეშფოთების ფონზე, რომ ზოგიერთი მოკავშირე შეიძლება გრძნობდეს კონფლიქტის საფასურის დაძაბულობას და საკვებისა და ენერგიის გლობალური მიწოდების შეფერხებას, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის „ძალიან კარგად“ გრძნობს თავს უკრაინის მხარდაჭერის სოლიდარობის გამო.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „არ აპირებს ამ სასტიკი ომის შეჩერებას“.

როგორც უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანმა მოკავშირემ, შეერთებულმა შტატებმა, უკვე გამოყო 50 მილიარდი დოლარის ჰუმანიტარული, ფინანსური და უსაფრთხოების დახმარება – ბევრად მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ.

ზელენსკიმ – რომელსაც უკვე კარგად ნაცნობი საბრძოლო მწვანე სვიტერი და სამხედრო ბათინკი ეცვა – გამოთქვა იმედი, რომ კონგრესი გადასცემს დამატებით 45 მილიარდ დოლარს უკრაინას, რათა „დაგვეხმაროს დავიცვათ ჩვენი ღირებულებები, ღირებულებები და დამოუკიდებლობა“.

„რესპუბლიკელებმა“ – რომლებიც იანვარში კონტროლს აიღებენ წარმომადგენელთა პალატაზე – გააფრთხილეს, რომ არ გამოწერენ „ცარიელ ჩეკს“ უკრაინისთვის. მაგრამ ზელენსკიმ, რომელმაც აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავით იმგზავრა პოლონეთის ქალაქ რჟესოვიდან, თქვა, რომ „კონგრესში ცვლილებების მიუხედავად“, მას სჯერა, რომ მის ქვეყანას ორპარტიული მხარდაჭერა ექნება.

თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ 44 წლის უკრაინის პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა კონგრესის ერთობლივ სხდომას, სადაც მას ფეხზე დგომითა და ოვაციებით დახვდნენ. მან ამერიკელ კანონმდებლებს უთხრა, რომ მისი ვარაუდით, ომში „გარდამტეხი მომენტი“ მომავალ წელს დადგება. ზელენსკიმ პირობა დადო, რომ უკრაინა არასოდეს დანებდება, მაგრამ დასძინა, რომ მას მეტი იარაღი სჭირდება.

„ჩვენ გვაქვს არტილერია, დიახ, მადლობა – ეს საკმარისია? გულწრფელად რომ ვთქვათ, ნამდვილად არა“, უთხრა მან აუდიტორიას და დაამატა: „რუსული არმიის სრულად განდევნისთვის საჭიროა მეტი ქვემეხი და ჭურვი“.

გამოსვლის დასასრულს, ზელენსკიმ კონგრესს წარუდგინა საბრძოლო დროშა, რომელსაც ხელს აწერენ უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ფრონტის ხაზის ქალაქის, ბახმუტის დამცველები – ქალაქის, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი ვაშინგტონში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე ეწვია.

ვაშინგტონის მიერ გამოცხადებული უსაფრთხოების დახმარების პაკეტი მოიცავს ახალ პატრიოტის სარაკეტო სისტემას, რომელიც დაეხმარება უკრაინას დაიცვას თავისი ქალაქები იმ რაკეტებისა და დრონებისაგან, რომელსაც რუსეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტებისკენ მიმართავს.

უიშვიათესი მომენტი გაჩნდა პრესკონფერენციაზე, როდესაც ზელენსკიმ, ყოფილმა კომიკოსმა, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. უკრაინის პრეზიდენტმა თქვა: „რა მოხდება პატრიოტების დამონტაჟების შემდეგ? ამის შემდეგ ჩვენ კიდევ ერთ სიგნალს გავუგზავნით პრეზიდენტ ბაიდენს, რომ გვსურს მეტი პატრიოტის მიღება“.

„ჩვენ ომში ვართ, ბოდიში, მართლა ბოდიში“, – ჩაილაპარაკა მან ინგლისურად, როცა „ისტ რუმში“ მყოფი აუდიტორია იცინოდა.

ბაიდენმა ჩაიცინა და თქვა: „ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინისთვის მოწინავე საჰაერო-სარაკეტო სისტემის მიწოდება პროვოკაციულ ნაბიჯად ჩაითვლება. ოთხშაბათს, უფრო ადრე, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ მას სჯერა, რომ მისი ქვეყანა არ არის დამნაშავე უკრაინის ომში და დასძინა, რომ ორივე ქვეყანა „იზიარებს ტრაგედიას“.

მას შემდეგ, რაც რუსეთი 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა, აშშ-ის არმიის შეფასებით, სულ მცირე 100,000 რუსი და 100,000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაშავდა, და დაახლოებით 40,000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

გაერომ 7,8 მილიონი ადამიანი დააფიქსირა, როგორც ლტოლვილი უკრაინიდან მთელ ევროპაში, მათ შორის რუსეთში. თუმცა, ეს რიცხვი არ მოიცავს მათ, ვინც იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლი, მაგრამ რჩება უკრაინაში.

 

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ BBC-ის სტატიაზე დაყრდნობით.