ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ბაიდენმა და პუტინმა ჟენევაში მოლაპარაკებების შემდეგ პრესკონფერენცია ცალ-ცალკე გამართეს

„იქ, სადაც ჩვენ გვაქვს განსხვავებები, მინდა პრეზიდენტმა პუტინმა გაიგოს, რატომ ვამბობ იმას, რასაც ვამბობ და რატომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ“, განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ვლადიმერ პუტინთან 2-საათიანი მოალაპარაკებების დასრულების შემდეგ.

„მე ვუთხარი პრეზიდენტ პუტინს, რომ ჩვენი დღის წესრიგი არ არის რუსეთის ან სხვა ვინმეს წინააღმდეგ, ის ამერიკელი ხალხისთვისაა“, – აღნიშნა ბაიდენმა და დაამატა, რომ ადამიანის უფლებები, როგორც ამერიკელების გამორჩეული მახასიათებელი, „ყოველთვის იდება მაგიდაზე“.

ბაიდენმა თქვა, რომ პუტინი არ არის დაინტერესებული ცივი ომის წარმოებით შეერთებული შტატების წინააღმდეგ.

„რუსეთის ფედერაციას ათასკილომეტრიანი საზღვარი აქვს ჩინეთთან, რომელიც ეკონომიკურად თავს სუპერსახელმწიფოდ თვლის, რუსეთის ეკონომიკა კი სავალალო მდგომარეობაშია. ამიტომ, კრემლი ყველაზე ნაკლებად ფიქრობს ცივი ომის ახალ ეტაპზე“, – აღნიშნა ჯოზეფ ბაიდენმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა გააკეთა მან იმისათვის, რომ მომავალში დაცული იყოს არჩევნებზე რუსული ჩარევისაგან, – ბაიდენმა უპასუხა, რომ „პუტინმა იცის, რომ ამას მოჰყვება შედეგები“.

მან აღნიშნა, რომ რუსეთი „გამალებით ცდილობს თავისი მდგომარეობის შენარჩუნებას“, როგორც მსოფლიო სახელმწიფო. ამ სტატუსის დაკარგვა „იქნება ის საფასური, რასაც ისინი გადაიხდიან“ ჩარევის გაგრძელების სანაცვლოდ.

„მათ არ აქვთ შესაძლებლობა უკარნახონ თუ რა მოხდება მსოფლიოში“, თქვა მან.

„იგივე ეხება იმას, თუკი ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა. რუსეთისთვის შედეგები გამანადგურებელი იქნება“, – განაცხადა ბაიდენმა.

მანამდე ცოტა ხნით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავის ამერიკელ კოლეგასთან ჟენევაში გამართულ 2-საათიან მოლაპარაკებებს ცალკე გამართულ პრესკონფერენციაზე „კონსტრუქციული“, თავად ბაიდენს კი „გამოცდილი სახელმწიფო მოღვაწე“ უწოდა, რომელიც „ძალიან განსხვავდება პრეზიდენტ ტრამპისაგან“.

პუტინმა პრესკონფერენციაზე დასმული შეკითხვის – მიიწვია თუ არა ბაიდენმა იგი ვაშინგტონში ოფიციალურ ვიზიტად – საპასუხოდ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერს, ჯოზეფ ბაიდენს იგი თეთრ სახლში არ მიუწვევია და არც მას დაუპატიჟია ამერიკელი კოლეგა მოსკოვში.

„მე ვფიქრობ, რომ ამგვარი შეხვედრებისა და ვიზიტების განსახორციელებლად უნდა არსებობდეს შესაფერისი პირობები“, თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა თავის ამერიკელ კოლეგასთან ჟენევაში გამართულ 2-საათიან მოლაპარაკებებს „კონსტრუქციული“ უწოდა. 

მან აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანა პასუხისმგებელია ბირთვულ სტაბილურობაზე.

პუტინის თქმით, პრეზიდენტმა ბაიდენმა რუსეთის ციხეეში მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების საკითხი წამოაყენა და დასძინა, რომ პატიმრების გაცვლის კუთხით ვაშინგტონთან „კომპრომისები“ იქნება, თუმცა მას დეტალები არ დაუკონკრეტებია.

GUARDIAN.GE