მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ გააუქმებს რუსეთის „მუდმივი ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების“ სტატუსს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ გააუქმებს რუსეთის „მუდმივი ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების“ („ყველაზე უპირატესი სახელმწიფოს“) სტატუსს, რითაც დასჯის მოსკოვს უკრაინაში შეჭრის გამო.

ცვლილება, რომელიც, მისი თქმით, აშშ-ის მოკავშირეების ნაბიჯებთან ერთად იქნება მიღებული, გზას გაუხსნის აშშ-ს, დააწესოს ტარიფები რუსული საქონლის ფართო სპექტრზე, რაც გაზრდის ზეწოლას ღრმა რეცესიის ზღვარზე მყოფ ეკონომიკაზე.

„აშშ-ში ჩვენ ამას მუდმივ ნორმალურ სავაჭრო ურთიერთობას (PNTR) ვეძახით. რუსეთისთვის ამის გაუქმებით რუსეთს შეერთებულ შტატებში ბიზნესის კეთება უფრო გაურთულდება და ამის უნისონში  გაკეთება სხვა სახელმწიფოებთან, რომლებიც გლობალური ეკონომიკის ნახევარს შეადგენენ, კიდევ ერთი დამანგრეველი დარტყმა იქნება რუსული ეკონომიკისთვის, რომელიც უკვე ისედაც მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი სანქციების გამო“, – თქვა ბაიდენმა.

მისი თქმით, სანქციების მთლიანობა და ექსპორტის კონტროლი რუსეთის ეკონომიკას „ანგრევს“.

ამერიკის შეერთებული შტატები ასევე აკრძალავს რუსეთიდან ალკოჰოლის და ზღვის პროდუქტების იმპორტს, ისეთების როგორიცაა არაყი და ხიზილალა, – განუცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს.

„ჩვენ გავაგრძელებთ პუტინზე ზეწოლას“, – თქვა ბაიდენმა და დაამატა: ”ის არის აგრესორი, მან უნდა გადაიხადოს ფასი”.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი „მკაცრ ფასს გადაიხდის“, თუ ის ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, თუმცა მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო-ს მოკავშირეები არ იომებენ რუსეთთან უკრაინაში.

„პირდაპირი კონფრონტაცია ნატო-სა და რუსეთს შორის არის მესამე მსოფლიო ომი, ეს კი, უნდა ავირიდოთ თავიდან. მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, რომ პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ გამარჯვებით არასდროს დასრულდება. მას იმედი ჰქონდა, რომ უკრაინაში დომინანტ პოზიციას ბრძოლის გარეშე მიიღებდა, მაგრამ ეს გეგმა ჩაუვარდა. მას იმედი ჰქონდა, რომ ევროპის გამბედაობას დაანაწევრებდა და ესეც არ გამოუვიდა. მას სურდა ტრანსატლანტიკური ალიანსის დასუსტება, მაგრამ ესეც ვერ შეძლო. მას სურდა ამერიკის დემოკრატიის დაყოფა, თუმცა ეს გეგმაც ჩავარდა. ამერიკელი ხალხი ერთიანია, მსოფლიო ერთიანია და უკრაინელი ხალხის გვერდით დგას. ჩვენ არ დავუშვებთ რომ ავტოკრატებმა უკარნახონ სამყაროს მიმართულება“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ უფრო მეტი სანქციები იქნება დაწესებული რუს ოლიგარქებსა და მათი ოჯახების წევრებზე.

„დიდი შვიდეული განაგრძობს ზეწოლას კორუმპირებულ რუს მილიარდერებზე. ჩვენ ვამატებთ ახალ სახელებს და გვარებს ოლიგარქების და მათი ოჯახების სიას, რომლებიც ჩვენი სამიზნე არიან, და ჩვენ ვზრდით კოორდინაციას დიდი შვიდეულის ქვეყნებს შორის“, – განაცხადა ბაიდენმა.

„ისინი მხარს უჭერენ პუტინს. ისინი იპარავენ რუსი ხალხისაგან და ისინი ცდილობენ დამალონ თავიანთი ფული ჩვენს ქვეყანაში. ისინი არიან იმ კლეპტოკრატიის ნაწილი, რომელიც მოსკოვში არსებობს და მათ უნდა გაიზიარონ ამ სანქციების ტკივილი“, – თქვა ბაიდენმა თეთრ სახლში.

მან ასევე დაამატა, რომ რუსეთიდან აიკრძალება არყის, ზღვის პროდუქტების და ბრილიანტის იმპორტი.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივყვებით მათ სუპერ იახტებს და დასასვენებელ სახლებს, რომელთა ღირებულება ასობით მილიონი დოლარია, ჩვენ ასევე გავართულებთ მათთვის ჩვენს ქვეყანაში წარმოებული მაღალი კლასის პროდუქციის შეძენას, ავკრძალავთ რუსეთში ფუფუნების საგნების ექსპორტს. ეს არ არის ბოლო ნაბიჯები, რომლის გადადგმასაც ჩვენ ვაპირებთ“, – განაცხადა ბაიდენმა.

guardian.ge