მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ბაიდენი ძალიან ახლოს დგას გამარჯვებასთან მას შემდეგ, რაც იგი პენსილვანიასა და ჯორჯიაში ლიდერობს

ამერიკის შეერთებული შტატების „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი აშშ-ის 2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, ამ დროისთვის კვლავ მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს. BBC–ის საარჩევნო სისტემის თანახმად, ბაიდენი ახლა პენსილვანიის შტატში, რომელიც მთავარ საბრძოლო ველს წარმოადგენს, ტრამპზე 6 817 ხმით არის წინ. სულ რაღაც ერთი საათის წინ კი იგი მოქმედ პრეზიდენტს 5 587 ხმით უსწრებდა.

როგორც BBC იუწყება, ბაიდენი ასევე წინ არის ჯორჯიაში, სადაც ხმების 99% დათვლილია და მხოლოდ 8 197 ბიულეტენის დათვლაა დარჩენილი.

პენსილვანიაში, სადაც ხმების 98% დათვლილია, ბაიდენი მოქმედ „რესპუბლიკელ“ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 6 817 ხმით უსწრებს და როგორც ანალიტიკოსებს სჯერათ, დარჩენილი ბიულეტენების დათვლის შემდეგ ბაიდენი პირველ ადგილს შეინარჩუნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი საარჩევნო კოლეგიაში გამარჯვებისთვის საჭირო 270 ხმაზე მეტს, 273-ს მიიღებს და ქვეყნის 46-ე პრეზიდენტი გახდება.

BBC-ის ცნობით, ბაიდენი ასევე წინ არის ჯორჯიაში, სადაც ხმების 99% დათვლილია და მხოლოდ 8 197 ბიულეტენის დათვლაა დარჩენილი.

მას მცირედი უპირატესობა აქვს ნევადაშიც, სადაც ბიულეტენების 89%-ია დათვლილი. საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ დასათვლელია 190 000 ბიულეტენი.

არიზონაში, სადაც ამ დროისთვის ხმების 90%-ია დათვლილი, ბაიდენი 1.6%-ით ლიდერობს. იქ, ხუთშაბათ ღამის მონაცემებით, დაახლოებით 300 000 ბიულეტენი იყო დასათვლელი.

ბიულეტენების დათვლა მიმდინარეობს ჩრდილოეთ კაროლინაში, სადაც ხმების 95%-ია დათვლილი და სადაც ტრამპი 1.4%-ით ლიდერობს. მოქმედი პრეზიდენტი წინაა ალასკაშიც, სადაც ხმების 56%-ის დათვლის შემდეგ მას 62.95 აქვს მოპოვებული. მაგრამ თუკი ბაიდენი გაიმარჯვებს ან პენსილვანიაში ან ჯორჯიაში, ნევადასა თუ არიზონაში, იგი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ხდება.

როგორც BBC იტყობინება, თუკი ბაიდენი პენსილვანიაში გაიმარჯვებს, მას საარჩევნო კოლეგიაში 273 ხმა ექნება და ეს უკვე მის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას უზრუნველყოფს.

საარჩევნო კოლეგიაში პენსილვანიას 20 ხმა აქვს და ეს შტატი ყოველთვის მთავარი საბრძოლო ველი იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროს. შტატმა 6 საპრეზიდენტო არჩევნებზე ზედიზედ „დემოკრატებს“ მისცა ხმა 2016 წლამდე, როცა ეს შტატი „რესპუბლიკელი“ ტრამპისკენ გადაიხარა და ხმა მას მისცა.

როგორია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების სისტემა? 

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არა პოპულარული, პირდაპირი გზით მიღებული ამომრჩევლების ხმები, არამედ 538-კაციან საარჩევნო კოლეგიაში მოპოვებული ხმების რაოდენობა განაპირობებს.

შესაძლებელია, რომ კანდიდატმა საარჩევნო კოლეგია მოიგოს, მაგრამ წააგოს პოპულარული ხმები. ასეთი რამ მოხდა 2016 წელს, 2000 წელს და 1800-იან წლებში სამჯერ.

იმ შემთხვევაში თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს საჭირო ხმებს საარჩევნო კოლეგიაში, კენჭისყრა კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინაცვლებს. კონგრესმენები პრეზიდენტს სამი წამყვანი კანდიდატიდან ირჩევენ. ვიცე-პრეზიდენტს კი სენატი ირჩევს – ორი კანდიდატიდან.

ასეთი რამ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში მხოლოდ ერთხელ მოხდა, 1824 წელს, როცა წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტად ჯონ ქუინზი ადამსი აირჩია.

GUARDIAN.GE