მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ბაიდენი უკრაინის დახმარებისთვის კონგრესს 33 მილიარდ აშშ დოლარს სთხოვს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი უკრაინის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის კონგრესს 33 მილიარდ აშშ დოლარს სთხოვს, თუმცა აცხადებს, რომ აშშ „რუსეთს არ ესხმის თავს“. ბაიდენმა თქვა, რომ დახმარების პაკეტის დამტკიცება „კრიტიკულია“, რაც მისი თქმით, საშუალებას მისცემს უკრაინას თავად დაიცვას საკუთარი თავი.

წინადადების პაკეტი მოიცავს 20 მილიარდ დოლარზე მეტ სამხედრო დახმარებას, 8.5 მილიარდი დოლარის ეკონომიკურ და 3 მილიარდი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას. „ეს არ არის იაფი, მაგრამ აგრესია უფრო ძვირი დაჯდება, თუკი ჩვენ ამას დავუშვებთ“, – განაცხადა ბაიდენმა.

ამერიკის მძლავრი დახმარებისა და მკაცრი რიტორიკის მიუხედავად, ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ არ ესხმის თავს რუსეთს: „ჩვენ ვეხმარებით უკრაინას დაიცვას თავი რუსეთის აგრესიისაგან“, – თქვა პრეზიდენტმა.

ხუთშაბათს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დასავლეთის სამხედრო დახმარება უკრაინისადმი „კონტინენტის უსაფრთხოებას“ უქმნის საფრთხეს.

ხუთშაბათს, თავის გამოსვლაში, ბაიდენმა ასევე გამოხატა შეშფოთება ბირთვული დაპირისპირების შესახებ. ოთხშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააფრთხილა დასავლეთი უკრაინის გამო ბირთვული ომის „სერიოზული“ რისკის შესახებ, რომელიც „არ შეიძლება იყოს სათანადოდ შეუფასებელი“.

„არავინ არ უნდა გააკეთოს უსაფუძვლო კომენტარები ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბაიდენმა.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა აქცენტი გააკეთა რუსული „გაზის შანტაჟზე“, რაც ევროპის ენერგომომარაგებას უქმნის საფრთხეს. „ჩვენ არ მივცემთ უფლებას რუსეთს დააშინოს ან შანტაჟით გამოვიდეს მათი ამ სანქციებიდან. ჩვენ არ მივცემთ მათ უფლებას გამოიყენონ ნავთობი და გაზი, რათა თავიდან აიცილონ თავიანთი აგრესიის შედეგები“, თქვა მან.

ამ კვირაში რუსეთმა პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა.

უკრაინის ახალი პაკეტის გამოცხადება აშშ-ის ეკონომიკისთვის რთულ დროს ხდება.

ეკონომიკური ანალიზის ბიუროს მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებს, რომ აშშ-ის ეკონომიკა შემცირდა 2022 წლის პირველ კვარტალში, მთლიანი შიდა პროდუქტი იანვარსა და მარტს შორის 1.4%-ით შემცირდა.

guardian.ge