ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ბაიდენი დარწმუნებულია, რომ პუტინს გადაწყვეტილი აქვს უკრაინაში შეჭრა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გადაწყვეტილი აქვს უკრაინაში შეჭრა და თავდასხმა შესაძლოა „მომავალ დღეებში“ მოხდეს. ბაიდენის თქმით, შეფასება აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაციაზეა დაფუძნებული და სამიზნე, ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. შეერთებული შტატების განცხადებით, უკრაინის საზღვართან და უკრაინაში 169 000-დან190 000-ამდე რუსი სამხედრო პირია განლაგებული და ეს რაოდენობა აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის თვითმგამოცხადებულ  რესპუბლიკებში რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მებრძოლებსაც მოიცავს.

თეთრი სახლიდან გაკეთებულ სატელევიზიო მიმართვაში პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ს აქვს „მიზეზი სჯეროდეს“, რომ რუსეთის სამხედრო შეიარაღებულ ძალებს „განზრახული აქვთ უკრაინაზე თავდასხმა მომავალ კვირებში, მომავალ დღეებში“.  „მე დარმწუნებული ვარ, რომ მას [ვლადიმერ პუტინს] გადაწყვეტილება მიღებული აქვს“, – თქვა ბაიდენმა.

დაძაბულობის ზრდის ერთ-ერთი ნიშანი ისიცაა, რომ ორი სეპარატისტული ოლქის ლიდერებმა მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ გამოაცხადეს და აღნიშნეს, რომ უკრაინამ გააძლიერა დაბომბვები და გეგმავს თავდასხმას. უკრაინამ კი უკვე მერამდენედ განაცხადა, რომ თავდასხმას არ გეგმავს. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ამას „რუსული დეზინფორმაცია“ უწოდა.

კრემლის განცხადებით, პრეზიდენტმა პუტინმა საზღვრის სიახლოვეს ლტოლვილთა ბანაკების გაშლის ბრძანება გასცა, რომ „გადაუდებელი დახმარება“ გაეწიოს სეპარატისტული რეგიონებიდან ჩასულ ადამიანებს. რუსული სახელმწიფო მედიის ცნობით, რამდენიმე ავტობუსით ადგილობრივები რუსეთში გადაიყვანეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ევაკუაციის გამოცხადებას  მოსკოვის მიერ გადადგმული „ცინიკური“ ნაბიჯი უწოდა, რომლის მიზანიცაა „მსოფლიოს მოწყვეტა იმ ფაქტისგან, რომ რუსეთი აძლიერებს თავის ძალებს თავდასხმის მოსამზადებლად“. თეთრი სახლის განცხადებით, ევაკუაცია იმის მაგალითია, რომ მოსკოვმა დეზინფორმაცია ომის საბაბად გამოიყენოს.

2014 წლის შემდეგ, რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონში შეიარაღებულ აჯანყებულებს უჭერს მხარს. ბრძოლებში დაახლოებით 14 000 ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა.

პუტინმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა უარესდება. პრესკონფერენციაზე მან დაუსაბუთებელი ბრალდებები წამოაყენა იმის შესახებ, რომ იქ „ადამიანის უფლებების მასობრივ და სისტემატურ დარღვევებს“ და „რუსულად მოსაუბრე მოსახლეობის დისკრიმინაციას“ აქვს ადგილი.

პუტინმა აღნიშნა, რომ იგი კვლავ მზად არის კრიზისი დასავლელ ლიდერებთან განიხილოს, მაგრამ ისინი რუსეთის უსაფრთხოების იგნორირებაში დაადანაშაულა და გააფრთხილა, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა მოიცავდეს იურიდიულად სავალდებულო დაპირებას, რომ NATO-ს სამხედრო ალიანსი შეაჩერებს აღმოსავლეთით გაფართოებას.

მოელიან, რომ შაბათს, პრეზიდენტი პუტინი, რუსეთის სტრატეგიული ბირთვული სარაკეტო ძალების ძირითად წვრთნებს დაესწრება.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, დასავლეთის სახელმწიფოთა ლიდერებს შეხვდება და ასევე, მოლაპარაკებებს გამართავს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან.

guardian.ge