მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ბაიდენის კერძო ოფისში პოტენციურად გასაიდუმლოებული ფაილები იპოვეს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი განიხილავს პოტენციურად გასაიდუმლოებულ დოკუმენტებს, რომლებიც პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ყოფილ ოფისში, ანალიტიკურ ცენტრშია აღმოჩენილი. განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს. ბაიდენის ადვოკატის თქმით, ბაიდენის იურიდიულმა გუნდმა ნოემბერში, ვაშინგტონის „პენ ბაიდენის ცენტრში“, დახურულ კარადში, დაახლოებით 10 ფაილი აღმოაჩინა. დოკუმენტები ეროვნულ არქივს გადაეცა.

ბაიდენის წინამორბედის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, გამოძიება მისი პრეზიდენტობის შემდეგ საიდუმლო ფაილების ფლორიდაში გადატანის გამო მიმდინარეობს.

BBC-ის ამერიკელი პარტნიორის, CBS News-ის ცნობით, FBI ჩართულია „პენ ბაიდენის ცენტრში“ აღმოჩენილი საიდუმლო დოკუმენტების გამოძიებაში და აშშ-ის გენერალურ პროკურორს, მერიკ გარლანდს ეთხოვა დოკუმენტებისთვის გადახედვა.

ამ საქმეში ჩახედულმა წყარომ CBS News-ს განუცხადა, რომ დოკუმენტები არ შეიცავდა ბირთვულ საიდუმლოებას და ინახებოდა საქაღალდე ყუთში სხვა არასაიდუმლო დოკუმენტებთან ერთად.

რიჩარდ ზაუბერმა, პრეზიდენტ ბაიდენის სპეციალურმა მრჩეველმა, CBS-სთვის გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნა, რომ ფაილები შუალედური არჩევნების წინ აღმოაჩინეს ბაიდენის ადვოკატებმა, რომლებიც ოფისს ასუფთავებდნენ.

ბაიდენს 2017 წლიდან 2020 წლამდე ანალიტიკურ ცენტრში ჰქონდა ოფისი, რომელიც თეთრი სახლიდან დაახლოებით ერთი მილის მანძილზეა დაშორებული.

ზაუბერმა თქვა: „[დოკუმენტების] აღმოჩენის შემდეგ, პრეზიდენტის პირადი ადვოკატები თანამშრომლობდნენ [ეროვნულ] არქივთან და იუსტიციის დეპარტამენტთან, რათა უზრუნველყონ, რომ ობამა-ბაიდენის ადმინისტრაციის ნებისმიერი ჩანაწერი სათანადოდ იყოს წარმოდგენილი არქივის მფლობელობაში“.

ტრამპი თავისი სოციალური მედიის საიტზე, „Truth Social“-ზე გამოეხმაურა აღნიშნულ საკითხს და იკითხა: „როდის აპირებს FBI რეიდის განხორციელებას ჯო ბაიდენის მრავალ სახლზე, შესაძლოა, თეთრ სახლზეც კი?“

ტრამპის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს იმის გამო, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა სავარაუდოდ, წინააღმდეგობა გაუწია 300-ამდე საიდუმლო დოკუმენტის უკან დაბრუნებას, რომლებიც მან ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში წაიღო თანამდებობის დატოვების შემდეგ. ეროვნულმა არქივმა ამ საქმეში ხელისუფლებას მიაწოდა ინფორმაცია.

ბაიდენის ფაილები ცოტა ხნით ადრე აღმოაჩინეს, სანამ იუსტიციის დეპარტამენტი გამოაცხადებდა, რომ დანიშნავდა დამოუკიდებელ ადვოკატს, რომელიც გადაწყვეტს, მისცეს თუ არა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ტრამპი ფლორიდაში, თავისი გოლფის კლუბში ნაპოვნი ფაილების გამო.

guardian.ge