მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ბაიდენის განცხადებით, საფრთხე იმისა, რომ პუტინი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, „რეალურია“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის განცხადებით, საფრთხე იმისა, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, „რეალურია“. უფრო ადრე, მან პუტინის განცხადებას, რომ რუსეთმა თავისი პირველი ტაქტიკური ბირთვული იარაღი განათავსა ბელარუსში, „აბსოლუტურად უპასუხისმგებლო“ უწოდა.

„როდესაც ორი წლის წინ ვამბობდი და ვწუხდი, რომ მდინარე კოლორადო შრებოდა, ყველა მიყურებდა, როგორც გიჟს. ამგვარად მიყურებდნენ, როცა ვთქვი, რომ ვწუხდი პუტინის ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. ეს რეალურია“, – უთხრა ბაიდენმა დონორების ჯგუფს კალიფორნიაში.

გასულ კვირას, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდერ ლუკაშენკომ თქვა, რომ დაიწყეს რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსში შეტანა, რომელთაგან ზოგიერთი სამჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე 1945 წელს იაპონიის ქალაქებში, ჰიროსიმასა და ნაგასაკიში აშშ-ის მიერ ჩამოგდებული ატომური ბომბები.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს არის მოსკოვის პირველი ნაბიჯი ასეთი ქობინების რუსეთის ფარგლებს გარეთ განთავსების თაობაზე – უფრო მოკლე მოქმედების, ნაკლებად მძლავრი ბირთვული იარაღისა, რომლის ბრძოლის ველზე გამოყენებაა შესაძლებელი.

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ბელარუსში ბირთვული იარაღის გათავსების საპასუხოდ არ აპირებს შეცვალოს თავისი პოზიცია სტრატეგიულ ბირთვულ იარაღზე და არ დაუნახავს რაიმე ნიშანი იმისა, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად.

მაისში, რუსეთმა არაფრად ჩააგდო ბაიდენის კრიტიკა ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების გეგმის შესახებ და თქვა, რომ აშშ-ს ათწლეულების განმავლობაში ჰქონდა განთავსებული ასეთი ბირთვული იარაღი ევროპაში.

რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის ბელარუსში განთავსებას ყურადღებით აკვირდებიან შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები, ისევე როგორც ჩინეთი, რომელმაც უკრაინის ომში ბირთვული იარაღის გამოყენების წინააღმდეგ არაერთხელ გააკეთა ფრთხილი განცხადება.

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ