საქართველო

ბათუმში საძიებო-სამაშველო ღონისძიებები დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე მიმდინარე სამძებრო და სამაშველო ღონისძიებები დასრულდა.

საძიებო-სამაშველო ოპერაციის დასრულების და მისი შედეგების შესახებ, შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ვრცლად ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე პოლიციის შესაბამისი ძალები რჩებიან, რომლებიც ადგილზე უსაფრთხოების ნორმებს გააკონტროლებენ.

“პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს, ძალიან მძიმე სიტუაციაა 9 ადამიანია გარდაცვლილი და ყველას ვუსამძიმრებ, უმძიმესი დღე იყო გუშინ, დღესაც რა თქმა უნდა. ახლა ვიპოვეთ, 5 წუთის წინ მეცხრე გარდაცვლილი, ვისაც ვეძებდით.

ჩვენი ვარაუდით არცერთი დაკარგული აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება. გარდაცვლილებს შორის სამი არასრულწლოვანია, ხოლო დანარჩენი სრულწლოვანები. დაკავებულია 3 ადამიანი, როგორც გითხარით და გრძელდება გამოძიება.

პოლიციელები დარჩებიან შემთხვევის ადგილზე, სავარაუდოდ ეს ქუჩა გადაიკეტება, რომ არ იმოძრაოს ხალხმა, უკანა ეზოშიც მოხდება გაკეთება ბარიერების, რომ არ შევიდეს ხალხი იმ ზონაში, რომელმაც შესაძლოა საფრთხე გამოიწვიოს,” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინის ჩამონგრევის ადგილას საძიებო – სამაშველო ღონისძიებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს 400 – მდე მეხანძრე – მაშველი და პოლიციის სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები 29 საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ.