საქართველო

ბადრი ჯაფარიძე: მზად ვართ, ვიმუშავოთ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი მოიძებნოს

ჩვენ, ყველამ ერთად, მათ შორის, „ქართულმა ოცნებამ“ ერთად უნდა ვიმუშავოთ, იმისთვის, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ.

„ჩვენს მეგობრებს აწუხებთ პოლიტიკური კრიზისი, რომელიც შექმნილია ჩვენს ქვეყანაში, ეძებენ გზებს და, ჩვენთან ერთად, მსჯელობენ ამ კრიზისიდან გამოსავალზე. ეს იყო ჩვენი განხილვის საგანი. პოლიტიკური კრიზისი სახეზეა. ამ შემთხვევაში, გაუცხოება და ერთმანეთთან დაპირისპირება არაა გამოსავალი. ჩვენი პოზიცია არ დაგვიმალავს; ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა და ჩვენი ღრმა რწმენით, ერთადერთი გამოსავალია ახალ არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმება. „ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს, რომ დაპირისპირება და ოპოზიციის უგულებელყოფა მხოლოდ აღრმავებს კრიზის. ამიტომ, ჩვენ ერთად უნდა ვიმუშავოთ, მათ შორის, „ქართულმა ოცნებამაც“, ერთად უნდა ვიმუშავოთ. შეთანხმება არ იქნება ერთ-ერთი მხარის დამარცხება. ეს იქნება, ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის გამარჯვება. ამ შეხვედრაზე განვიხილეთ შექმნილი ვითარება და განვიხილეთ გამოსავლის შესაძლებლობები. იმედი გვაქვს, რომ „ქართული ოცნება“, ასევე, პასუხისმგებლობით მიუდგება იმ რთულ ვითარებას, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და მზად ვართ, ვიმუშავოთ მათთან ერთად, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი მოიძებნოს“ – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.