საქართველო

ბადრი ჯაფარიძე გიორგი ვოლსკის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს.

ჯაფარიძე მოითხოვს, რომ ვოლსკიმ, მის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელიც ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს ეხება, საჯაროდ უარყოს.

ბიზნესმენი ასევე მოითხოვს, რომ ვოლსკის დაეკისროს ფინანსური სანქცია 221 952 ლარის ოდენობით, რომლითაც ახალგაზრდების განათლებას დააფინანსებენ.

„ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოება უკვე კარგად ხედავს, რომ ჩემსა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს. ხელისუფლების მიერ ინსპირირებული ბრძოლის დანახვა იოლად შეიძლება სხვადასხვა სამთავრობო პირების საჯარო გამოსვლებში და მათ ქმედებათა ჯაჭვში, რომელიც ერთ წელზე მეტია, გრძელდება. ფაქტია, რომ პროკურატურას მიღებული აქვს ჩვენზე შემოტევის დავალება, რის შედეგადაც შეითხზა სრულიად აბსურდული ბრალდება და დაგვიწესდა ბრუტალური რეპრესიული ხასიათის შეზღუდვები.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დღევანდელი ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ მთავარი სახეები, არღვევენ წესიერების ელემენტარულ წესებს, სრულად გადიან საკუთარი უფლებამოსილების ჩარჩოებიდან და ბრალმდებლების როლში თავად გვევლინებიან. გზადაგზა, ჩვენი რეპუტაციის კიდევ უფრო შესალახად ახალ ისტორიებს და არარსებულ „ფაქტებს“ ახმოვანებენ და საზოგადოების აზრის არასწორ ფორმირებას ცდილობენ.

ამ მხრივ გამოირჩევა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, რომელიც ჩვენი მისამართით ცილისწამებას არ იშურებს და ყოვლად აბსურდულ და შეთითხნილ ბრალდებებს რეგულარულად საჯაროდ გამოთქვამს. ბატონი ვოლსკი პროკურატურის მიერ დადგმულ ბრალდებასაც არ სჯერდება და მათ საამებლად ახალ „ფაქტებს“ იგონებს. ამიტომ საჭიროდ ვთვლით ჩვენი პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების გავრცელების გამო, გია ვოლსკის წინააღმდეგ მივმართოთ სასამართლოს სარჩელით და მოვთხოვოთ მას ამ განცხადებების საჯარო უარყოფა. ასევე მოვითხოვთ პირადად გია ვოლსკის დაეკისროს ფინანსური სანქცია 221 952 ლარის ოდენობით, რომელსაც ახალგაზრდების განათლების დაფინანსებაში ჩავდებთ. ვინ იქნება შემდეგი, დრო გვიჩვენებს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.