აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

აჰმედ ალ-შარაა აცხადებს, რომ „ალ-ყაიდასთან“ მისი კავშირი წარსულის საკითხია და დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ამაზე არ უსაუბრია

სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა აცხადებს, რომ „ალ-ყაიდასთან“ მისი კავშირი წარსულის საკითხია და აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს ეს არ განუხილავს, – ამის შესახებ აჰმედ ალ-შარაამ „ფოქს ნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, ეს წარსულის საკითხია. არა, ჩვენ აქტიურად არ გვისაუბრია ამაზე. ჩვენ ვისაუბრეთ მომავალზე, სირიაში მომავალში საინვესტიციო შესაძლებლობებზე“, – აღნიშნა შარაამ.

ჟურნალისტმა სირიის ლიდერს ასევე ჰკითხა, ნანობდა თუ არა, რომ „ალ-ყაიდას“ მიერ 2001 წლის 11 სექტემბერს ორგანიზებულმა ტერორისტულმა თავდასხმებმა 3 000 ადამიანი იმსხვერპლა.

„მე მხოლოდ 19 წლის ვიყავი, ძალიან ახალგაზრდა. მათ არ ჰქონდათ რაიმე გადამწყვეტი ძალაუფლება იმ დროს და მე არაფერი მაქვს საერთო ამასთან. „ალ-ყაიდა“ იმ დროს ჩემს ცხოვრებაში არ იყო. ასე რომ, თქვენ არასწორ ადამიანს ესაუბრებით ამ საკითხზე. ჩვენ ვგლოვობთ ყველა მოქალაქეს, რომელიც დაიღუპა. ჩვენ ვიცით, რომ ხალხი დაიტანჯა ამ ომისგან, განსაკუთრებით, ის მოქალაქეები, რომელთაც საფასური გადაიხადეს ომის გამო“, – განაცხადა ალ-შარაამ კითხვის საპასუხოდ.

აშშ-ისა და სირიის პრეზიდენტების თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ სირიის ლიდერმა განაცხადა, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას რეგიონული და აშშ-სა და სირიას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილა.

შეხვედრას სირიის მხრიდან ასევე ესწრებოდა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი.

„როიტერსის“ ინფორმაციით, მხარეებს შორის შეხვედრა საათსა და 40 წუთს გაგრძელდა.

მანამდე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ 180 დღით შეჩერდა „კეისრის აქტის“ ფარგლებში სირიისთვის დაწესებული სანქციები, რაც, მედიის ინფორმაციით, შარაას ერთ-ერთი მოთხოვნა უნდა ყოფილიყო დონალდ ტრამპთან შეხვედრისას.

ეს სირიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი თეთრ სახლში. სირიის ხელისუფლებაში მოსვლამდე აჰმედ ალ-შარაა დაჯგუფება „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამს“ ხელმძღვანელობდა, რომელიც „ალ-ყაიდასთან“ იყო დაკავშირებული, და ვიზიტის დაწყებამდე შეერთებულმა შტატებმა შარაა გლობალურ ტერორისტებად აღიარებული პირების სიიდან ამოიღო.