ახალი ზელანდია, მსოფლიოს ახალი ამბები

ახალ ზელანდიაში მეჩეთზე საზარელ თავდასხმაში მთავარი ეჭვმიტანილი, 28 წლის ავსტრალიელი ბრენტონ ტარანტი სასამართლოს წინაშე წარსდგა

ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში პარასკევს მეჩეთზე თავდასხმაში მთავარი ეჭვმიტანილი, 28 წლის ავსტრალიელი ბრენტონ ტარანტი სასამართლოს წინაშე წარსდგა. მას ამ ეტაპზე ერთი ადამიანის მკვლელობის მუხლი წარედგინა, თუმცა მოსალოდნელია, რომ მას ბრალი დაუმძიმდეს და სხვა მუხლებითაც წარედგინოს ბრალი.

ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრმა ჯესინდა არდერნმა განაცხადა, რომ ტარანტს 5 იარაღი და ცეცხლსასროლი იარაღების ლიცენზია ჰქონდა. მან დაამატა: „ჩვენი იარაღის კანონი შეიცვლება“.

ტარანტის გარდა პატიმრობაში რჩება ორი სხვა ეჭვმიტანილი. არც ერთ მათგანს არ აქვს კრიმინალური წარსული.

ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში 15 მარტს მეჩეთებზე განხორციელებული თავდასხმებისას 49 ადამიანია მოკლული. სროლებისას 48 ადამიანი დაიჭრა. მათ შორის არიან 2 და 13 წლის ბიჭები. 13 მათგანი, ვისაც მკურნალობა კრაისტჩერჩის საავადმყოფოში უტარდება, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება და ინტენსიური მზრუნველობის ქვეშ იმყოფება, განაცხადა მთვარმა ექიმმა გრეგ რობერტსონმა.

პრემიერ მინისტრმა, ჯესინდა არდერნმა მომხდარს „ტერორისტული აქტი”  და ქვეყნის ერთ-ერთი „ყველაზე შავბნელი დღე” უწოდა.

შეიარაღებულმა მამაკაცმა ინტერნეტით მანიფესტი გამოაქვეყნა, რომელშიც მუსლიმებისა და უმცირესობების წინააღმდეგ სიძულვილია გამოხატული და მანვე თავდასხმა „ფეისბუქის“ პირდაპირი ეთერის რეჟიმში ჩართო.

ავსტრალიაში მუსლიმებმა განცხადება გაავრცელეს და „მხეცური“ ქმედება „ისლამოფობიის პროდუქტად“ გამოაცხადეს.

„დღევანდელი ხოცვა-ჟლეტა არის ყველაზე მზარდი ისლამოფობიის და მუსლიმების მარგინალიზაციის პროდუქტი, რაც კი ოდესმე არსებულა“, აცხადებს ავსტრალიის მუსლიმთა ორგანიზაციის პრეზიდენტი დოქტორი რატებ ჯნეიდი. იგი ამბობს, რომ ეს შემხსენებელია მედიისა და პოლიტიკოსებისთვის იმ „საშინელი შედეგების, სადამდეც სიძულვილის და დაყოფის ატმოსფერომ შეიძლება მიგვიყვანოს“.

guardian.ge