საქართველო

ახალქალაქის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის დირექტორი დერენიკ აკოპიანი განათლების სამინისტროს ახალი სკოლის მშენებლობის თხოვნით მიმართავს

სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ავარიული შენობების გამო, უკვე მეორე წელია სოფლიდან 3 კილომეტრის მოშორებით, კარტიკამის საჯარო სკოლაში მე-2 ცვლაში სწავლობენ. მათ ტრანსპორტირებას სახელმწიფო უზრუნველყოფს, თუმცა პედაგოგებს ტრანსპორტი არ ემსახურება და მათ საკუთარი ხარჯით უწევთ გადაადგილება. ისინი ხელისუფლებისაგან ავარიული სკოლის ნაცვლად ახალი შენობის აშენებას და თავიანთ სოფელში დაბრუნებას ითხოვენ.

სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის პედაგოგები კარტიკამის საჯარო სკოლაში

ბუზავეთის სკოლის დირექციამ, იმის დასადგენად თუ რამდენად მდგრადი და უსაფრთხო იყო შენობები სასწავლო პროცესის წარსამართად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს წერილობით მიმართა.

ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ საკითხი შეისწავლა და დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტტეის სოფელ ბუზავეთში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 954 კვ.მ და 635 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე მდებარე საჯარო სკოლის შენობების ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. ამჟამად მათ გააჩნიათ მე-2 მე-3 ხარისხის დაზიანებები, რაც იმას ნიშნავს, რომ საექსპლუატაციო ვარგისიანობის მიხედვით ისინი განეკუთვნება მე-2 კატეგორიას და საჭიროებენ გაძლიერება-რეაბილიტაციას, თუმცა საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის, ამორტიზებულობის, დაზიანებისა და ცვეთის მაღალი ხარისხის გამო, არარენტაბელურად მიაჩნია შენობებზე გაძლიერება-გამაგრების სამუშაოების ჩატარება და მიზანშეწონილია არსებული ძველი შენობების ახლით ჩანაცვლება.

სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დასკვნას ბუზავეთის სკოლის შენობების ფოტოებიც თან დაურთო.

როგორც „ბიზნესკონტინენტს“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორმა დერენიკ აკოპიანმა განუცხადა, ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ, ახალი შენობის აშენების თხოვნით მან უკვე წერილობით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის დირექტორი დერენიკ აკოპიან კარტიკამის საჯარო სკოლაში

„რადგან ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, არარენტაბელურად არის მიჩნეული შენობებზე გაძლიერება-გამაგრების სამუშაოების ჩატარება და მიზანშეწონილია არსებული ძველი შენობების ახლით ჩანაცვლება, დღის წესრიგში ახალი შენობის აშენების საკითხი დადგა. სკოლის არსებული შენობები 80 წლის წინათ არის აშენებული და როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, უკვე ამოწურული აქვს ექსპლუატაციის ვადა.

სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები კარტიკამის საჯარო სკოლაში

„ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მეშვეობით, წერილი გაგზავნილია განათლების სამინისტროში და ველოდებით, რომ ახლო მომავალში მივიღებთ დადებით პასუხს. სკოლა, რომელშიც უკვე ორ წელიწადზე მეტია მე-2 ცვლაში ვსწავლობთ, საკმაოდ კარგად არის მოწყობილი ინფრასტრუქტურულად, ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სკოლაა ჩვენს მუნიციპალიტეტში, შესანიშნავია გარემოა – დირექტორის, ბატონი არარატ ელიზბარიანის მხრიდან ყველანაირი ხელშეწყობა გვაქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, ბუნებრივია, გვირჩევნია ჩვენს სოფელში, საკუთარი სკოლა გვქონდეს, რადგან ძალიან ძნელია პედაგოგებისთვის მისვლა-მოსვლა, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, არადა ჩვენთან შეიძლება ითქვას, რომ უკვე ზამთარი იწყება, რომელიც მაისამდე გრძელდება. ხშირად, მაისის დასაწყისშიც კი ცენტრალური გათბობა გვაქვს ჩართული. მაგალითად, ასე იყო წელს.

ხელმარჯვნივ სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლის დირექტორი არარატ ელიზბარიანი ბუზავეთის საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებლებთან

„ამგვარად, უტრანსპორტობის გამო, ძალზე რთული პრობლემის წინაშე ვდგავართ. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი პედაგოგების აბსოლუტური უმრავლესობა ქალები არიან და მათთვის რთულ კლიმატურ პირობებში სკოლამდე და იქიდან უკან, სოფლამდე ყოველდღიურად, საკუთარი ხარჯებით გადაადგილება ადვილი არაა“, – განუცხადა „ბიზნესკონტინენტს“ დერენიკ აკოპიანმა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი კარტიკამი

მას იმედი აქვს, რომ განათლების სამინისტრო დროულ რეაგირებას მოახდენს პრობლემის გადასაწყვეტად და მომავალ სასწავლო წელს მაინც ექნებათ საშუალება, რომ სწავლა საკუთარი სკოლის შენობაში განაგრძონ.

სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები კარტიკამის საჯარო სკოლაში

„თუ რეაგირება დროულად მოხდება, სრულიად დასაშვებია, რომ მომავალი სასწავლო წლისთვის უკვე ჩვენს სკოლაში შევუდქეთ სწავლას. აქ დიდი სკოლის მშენებლობაზე არ არის საუბარი. სკოლა მცირეკონტინგენტი, საბაზოა და მოსწავლეთა რაოდენობა ამჟამად 22-ს შეადგენს. უმორჩილესი თხოვნა მექნება ხელისუფლების მიმართ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, დროულად გადაჭრან ჩვენი საკითხი.

სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის დირექტორი დერენიკ აკოპიან კარტიკამის საჯარო სკოლაში

„ზოგადად, რასაც მე ვუყურებ – 2005 წლიდან ვმუშაობ დირექტორის თანამდებობაზე – სამცხე-ჯავახეთის რეგიონის არაქართულენოვან სკოლებს სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა არ აკლია. ბევრი სკოლის რეაბილიტაცია მოხდა. ეს სკოლაც, სადაც ახლა ვიმყოფებით, როგორც ხედავთ, კაპიტალურად არის რეაბილიტირებული. ველოდებით, რომ ჩვენც ჩვენსავე სოფელში მოგვეცემა სასწავლო პროცესის წარმართვის საშუალება“, – უთხრა „ბიზნესკონტინენტს“ დერენიკ აკოპიანმა.