ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ახალი საიმიგრაციო სქემის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში დასაქმების მსურველი დაბალი კვალიფიკაციის პირები ვიზებს ვერ მიიღებენ

პოსტ–ბრექსიტის საიმიგრაციო გეგმის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში შესვლისა და დასაქმების მსურველი დაბალი კვალიფიკაციის მუშაკები ვიზებს ვერ მიიღებენ. როგორც BBC იუწყება, ბრიტანეთის მთავრობა დაჟინებით მოუწოდებს დამსაქმებლებს „ხელი აიღონ იაფ მუშახელზე“ ევროპიდან და დარჩენილ თანამშრომლებში და განვითარებად ავტომატიზებულ ტექნოლოგიაში დააბანდონ ინვესტიცია.

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ევროკავშირის და ვროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ბრიტანეთში შემოდიან, თანაბარად უნდა მოეპყრან მას შემდეგ, რაც 2020 წლის 31 დეკემბერს დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი მიმოსვლა დასრულდება.

ოპოზიციურმა „ლეიბორისტულმა პარტიამ“ განაცხადა, რომ „მტრული გარემო“ უფრო რთულს გახდის ადამიანების მოზიდვას, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრმა პრიტი პატელმა აღნიშნა, რომ ახალი სისტემა ხელს შეუწყობს იმას, რომ „ყველაზე ნათელ და საუკეთესოთ ექნებათ შესაძლებლობა ჩამოვიდნენ დიდ ბრიტანეთში“.

მთავრობას, რომელმაც განაცხადა, რომ მისი მიზანია მიგრაციის საერთო დონის შემცირება დიდ ბრიტანეთში, სურს „ქულებზე დაფუძნებული“ იმიგრაციის სისტემის ჩამოყალიბება – როგორც ამის პირობა დადო საარჩევნო მანიფესტში.

ახალი სქემის მიხედვით, საზღვარგარეთის მოქალაქეებს, რომელთაც დიდ ბრიტანეთში ჩასვლის სურვილი ექნებათ, უნდა საუბრობდნენ ინგლისურად და ჰქონდეთ შეთავაზება კვალიფიციურ სამუშაოზე და ასევე უნდა ჰყავდეთ „სანქცირებული სპონსორი“.

დიდ ბრიტანეთში დასაქმების მსურველებს, თუკი აღნიშნულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, 50 ქულა მიენიჭებათ. საერთო ჯამში, იმიგრანტმა 70 ქულა უნდა მოიპოვოს იმისათვის, რომ ქვეყანაში მუშაობა შეძლოს. ქულების მინიჭება კი კვალიფიკაციაზე, ხელფასის ოდენობაზე და დეფიციტურ სექტორში მუშაობაზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ მთავრობა ამბობს, რომ ის არ წარმოადგენს სქემას ნაკლებად კვალიფიციურთათვის და დაჟინებით მოუწოდებს ბიზნესის წარმომადგენლებს „შეეგუონ და მოერგონ“ ახალ წესებს მიმდინარე წლის ბოლომდე, როცა ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის თავისუფალი მიმოსვლა სრულდება.

ნაცვლად ამისა, მთავრობა აცხადებს, რომ ევროკავშირის 3.2 მილიონი მოქალაქე, რომელმაც „ბრექსიტის“ შემდეგ დიდ ბრიტანეთში დარჩენის სურვილი გამოხატა, ქვეყნის შრომის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებაში დაეხმარება.

მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონური მუშების რაოდენობა გაოთხმაგდება და 10,000–ს მიაღწევს, ისევე როგორც „ახალგაზრდული მობილობის ღონისძიებების“ სქემის შესაბამისად ყოველწლიურად 20,000 ახალგაზრდას მიეცემა დიდ ბრიტანეთში ჩასვლის საშუალება.

როგორ უნდა მივიღოთ 70 ქულა

BBC–ის უნივერსიტეტის მკვლევარისთვის ქულების მოპოვების ვარიანტი მოჰყავს მაგალითად

20 ქულა – სამუშაოს შეთავაზება + 20 ქულა სამუშაო შესაბამისი კვალიფიკაციის დონეზე

10 ქულა – ინგლისურად საუბარი + 0 ქულა 22,000 ფუნტი სტერლინგი ხელფასი ყოველწლიურად

20 ქულა – სათანადო სადოქტორო ხარისხი 4 სპეციფიკურ სფეროში – მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა = 70 ქულას.

ახალი სქემის თანახმად, ყველა მიგრანტს მხოლოდ შემოსავალთან დაკავშირებული სარგებლის მიღება შეეძლება მანამ, სანამ მათ დასარჩენად „განუსაზღვრელი დარჩენის ნებართვის“ (indefinite leave) სტატუსი მიენიჭებათ, ჩვეულებისამებრ 5 წლის შემდეგ.

ამჟამად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს დიდ ბრიტანეთში შეუძლიათ მოითხოვონ სარგებელი თუკი ისინი „ეკონომიკურად აქტიური“ არიან. ევროკავაშირის არაწევრ მოქალაქეებს კი შეუძლიათ აღნიშნული სარგებლის მოთხოვნა მას შემდეგ, რაც მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო „მუდმივი ცხოვრების“ (permanent residence) სტატუსს ანიჭებს, რისთვისაც ჩვეულებრივ დიდ ბრიტანეთში 5 წლით კანონიერი ცხოვრებაა საჭირო.

„მიგრაციის მრჩეველთა კომიტეტის“ რეკომენდაციის შესაბამისად, ხელფასის დონე კვალიფიციური თანამშრომლებისთვის, რომელთაც დიდ ბრიტანეთში ჩასვლის სურვილი ექნებათ, £30,000–იდან £25,600–ამდე მცირდება.

დამოუკიდებელი მრჩეველთა ორგანოს მტკიცებით, სახელფასო თანხის შემცირება ახალბედა მასწავლებლებს და ჯანდაცვის კვალიფიციურ მუშაკებს გაუხსნის გზას.

ახლანდელი სისტემისაგან განსხვავებით, ვიზის მიღებისას აპლიკანტებს შესაძლებლობა ექნებათ ივაჭრონ ქულები.

მათ, ვინც £25,600–ზე ნაკლებს, მაგრამ £20,480–ზე მეტს გამოიმუშავებენ, ჯერ კიდევ შეეძლებათ ვიზის მისაღებად მიმართვა, თუკი მათთვის შეთავაზება „სპეციფიკურ დეფიციტური პროფესიის“ ან დოქტორის ხარისხის შესაბამის სამუშაოზე იქნება გაკეთებული. ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს „დეფიციტურ პროფესიად“ მიჩნეული, მთავრობას ჯერ საბოლოოდ არ განუსაზღვრავს და ამაზე „მიგრაციის მრჩეველთა კომიტეტში“ მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ამჟამად „მიგრაციის მრჩეველთა კომიტეტის“ „სპეციფიკური დეფიციტური პროფესიის“ სია სამოქალაქო ინჟინრებს, სამედიცინო პრაქტიკის მქონე ექიმებს, სანიტრებს, ფსიქოლოგებსა და კლასიკური ბალეტის მოცეკვავეებს მოიცავს.

 

მომზადებულია GUARDIAN.GE–ის მიერ