მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 163 000 შეადგინა

ორშაბათი ყველაზე საშინელი დღე იყო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, სადაც კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობამ 3,000-ს გადააჭარბა და 3,017 შეადგინა. მხოლოდ ორშაბათს, დაავადებამ სულ მცირე 540 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 163 000 შეადგინა, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“.

ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების დადასტურებული რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ეს რიცხვი მოსალოდნელია, რომ მკვეთრად გაიზარდოს მას შემდეგ, რაც მოსახლეობის მასობრივი ტესტირება ჩატარდება.

პრეზიდენტმა დონალად ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ დროისთვის 1 მილიონზე მეტი ამერიკელის ტესტირება მოხდა კორონავირუსზე, რაც მოსახლეობის 3%-ზე ნაკლებია.

აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალური პირები დაჟინებით მოუწოდებენ ამერიკელებს დაემორჩილონ სახლში დარჩენის ბრძანებას, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა 30 აპრილამდე გაახანგრძლივა, და ამით შეაკავონ ვირუსის გავრცელება, რომელიც მსოფლიოს ჩინეთიდან მოედო და უკვე ასეულობით ათასი ადამიანი დაავადდა.

„თუკი ჩვენ ერთად კარგად ვიმოქმედებთ – თითქმის შესანიშნავად – ჩვენ შესაძლოა 100,000-დან 200,000-მდე ფატალური შემთხვევა გვქონდეს“, უთხრა თეთრი სახლის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შტაბის კოორდინატორმა, ექიმმა დებორა ბრიქსმა NBC-ის.

აშშ-ის ალერგიულ და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ექიმმა ანტონი ფაუჩიმ თეთრ სახლში, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი კორონავირუსის მეორე აფეთქებას შემოდგომაზე ელოდება, მაგრამ მისი თქმით, სახელმწიფო უკეთესად იქნება მომზადებული საპასუხო ნაბიჯებისთვის.

მეორე აფეთქების შესაძლებლობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ტრამპმა თქვა: „იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება, მაგრამ ჩვენ უდავოდ მზად ვიქნებით“.

GUARDIAN.GE