მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა, ინფიცირებულთა რიცხვმა კი საერთო ჯამში 6.8 მილიონზე მეტი შეადგინა და ამ მაჩვენებლით ქვეყანამ პირველი ადგილი დაიკავა მსოფლიოში. ინფრომაციას დასავლური მედია ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სიკვდილიანობის ახალი მაჩვენებელი „საშინელი რამ“ არის და აღნიშნა, რომ „ჩინეთს უნდა შეეჩერებინა“ ვირუსი.

მან ასევე დაიცვა თავისი გადაწყვეტილებები პანდემიის ადრეულ ეტაპზე და თქვა, რომ „შესაძლოა 2 მილიონი, 2.5 მილიონი ადამიანიც კი მომკვდარიყო“ ამერიკის შეერთებულ შტატებს ქმედითი ნაბიჯები რომ არ გადაედგა.

თუმცა, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია არაერთხელ გააკრიტიკეს ვირუსის აფეთქების შემდგომი ნაბიჯების გამო.

„ბოლო ექვსი თვის განმავლობაში დონალდ ტრამპის ტყუილების და არაკომპეტენტურობის შედეგად, ჩვენ მომსწრე ვართ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიკვდილიანობისა ამერიკის ისტორიაში“, განაცხადა „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა და დაამატა:

„ამ კრიზისის დროს, ამ რეალური კრიზისის ჟამს – კრიზისი, რომელიც სერიოზულ საპრეზიდენტო ხელმძღვანელობას მოითხოვს – მას უბრალოდ ამის გამკლავება არ შეეძლო. ის გაიყინა. ის წარუმატებელი აღმოჩნდა მოქმედებისთვის. იგი პანიკაში ჩავარდა. და ამერიკამ გადაიხადა ყველაზე საშინელი ფასი ყველა სხვა სახელმწიფოთა შორის მსოფლიოში“.

ბაიდენის ამგვარი შეფასების მიუხედავად, ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრმა სახლმა „ფენომენალური სამუშაო“ შეასრულა. მან საკუთარ თავს პანდემიის გამკლავების მხრივ „A+“ შეფასება მისცა.

რა მდგომარეობაა ამჟამად აშშ-ში?

ბოლო კვირების განმავლობაში ჩრდილოეთ დაკოტაში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა აღინიშნა. ოფიციალური პირების განცხადებით, ორშაბათის მონაცმეებით, 3 200-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, 87 ადამიანი კი საავადმყოფოში იმყოფება.

ახალი ამბების სააგენტო „The Associated Press“-ის თანახმად, აღნიშნული შტატი ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ერთ სულ მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზეა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

შემთხვევების მატებაა ასევე იუტაში, ტეხასში და სამხრეთ დაკოტაში.

გამოითქმის მზარდი წუხილი იმის თაობაზე, რომ შემთხვევების რაოდენობამ შესაძლოა იმატოს ზამთრის თვეებში.