საქართველო

აშშ ღრმა შეშფოთებას გამოხატავს არჩილ ტატუნაშვილის ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაკავებისა და დაღუპვის და საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის დაპატიმრების გამო

საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაკავებისა და დაღუპვის და საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის, ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაპატიმრების გამო, ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატები. სახელმწიფო დეპარტამენტი ტრაგიკული შემთხვევის გარემოებების სრულ გამოძიებას მოითხოვს.

„შეერთებული შტატები ღრმად არის შეშფოთებული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის დაკავებისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რეგიონში პატიმრობის ყოფნის დროს მისი დაღუპვის გამო. ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს.

„შეერთებული შტატები ასევე სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის, ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაპატიმრების გამო და მოვითხოვთ, მიეცეთ მათ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მეორე მხარეს თავისუფლად დაბრუნების საშუალება.

„შეერთებული შტატები მოითხოვს ტრაგიკული შემთხვევის გარემოებების სრულ გამოძიებას და მხარეებს კვლავ მოუწოდებს რეგიონში ნდობისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით დამატებითი ზომების მიღებაზე შეთანხმდნენ“, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც პრესკონფერენციაზე უწყების წარმომადგენელმა, ჰიზერ ნოიერტმა წაიკითხა.