საქართველო

აშშ-სთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილეს საქართველოს დელეგაციის წევრებმა მიუნხენში, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან გამართულ შეხვედრაზე

საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილეს საქართველოს დელეგაციის წევრებმა მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, მარკ ესპერთან გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი დაესწრნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით წარიმართა.

საუბრისას ხაზი გაესვა აშშ-საქართველოს წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში და ამერიკის მნიშვნელოვან მხარდაჭერას თავდაცვის რეფორმის განხორციელებისა და უსაფრთხოების კუთხით.

ხაზი გაესვა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობას, განსაკუთრებით რეგიონში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით.

აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობისა და უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი ძალისხმევის წარმატების შედეგია ის, რომ არსებობს უსაფრთხოების თანამშრომლობის ჩარჩო, ასევე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), საბრძოლო სასწავლო ცენტრი და ხორციელდება ინსტიტუციური რეფორმები, რომლებიც მიმართულია ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისკენ.

ქართულმა მხარემ აშშ-ის თავდაცვის მდივანს თავდაცვის სფეროში საქართველოს მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მთავრობა კვლავაც ერთგულია ძალისხმევისა, თავდაცვის სფეროზე, ნატოს სტანდარტების შესაბამისად, მთლიანი შიდა პროდუქტის 2% მიიმართოს, ხოლო თავდაცვის ბიუჯეტის 20-%-მდე ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობის მოდერნიზებას მოხმარდეს.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების 2020-2030 წლების გეგმაზე, რომელიც მოიცავს კონკრეტულ ნაბიჯებს ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გრძელვადიანი განვითარებისთვის. აღინიშნა, რომ გაგრძელდება თავდაცვის რეფორმა, რომელიც ტოტალური თავდაცვის მიდგომისა და ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის მიხედვით ხორციელდება.

ხაზგასმით აღინიშნა უსაფრთხოების კუთხით აშშ-ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოებასა და ნატოსთან თანამშრომლობაზე. ასევე აღინიშნა აშშ-თან თანამშრომლობის მნიშვნელობა ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების პროცესში.

შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, რომლებიც ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარეობს.