საქართველო

აშშ-საქართველოს შორის ორმხრივი კონსულტაციები გრძელდება

საქართველოში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია იმყოფება. სახელმწიფო დეპარტამენტის დირექტორი ბალკანეთის, კავკასიისა და შავი ზღვის საკითხებში, დოქტორი ტიფანი პეტროსი დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ლელა ჩიქოვანს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის სამწლიანი გეგმის განხილვა იყო. დოკუმენტის გადახედვის შედეგად მხარეებმა 2018-2020 წლების პრიორიტეტული მიმართულებები უნდა განსაზღვრონ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში ჩარჩო ხელშეკრულება 2016 წელს გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა მოაწერეს. უსაფრთხოების სფეროში სამწლიანი თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტი ორმხრივი თანამშრომლობის გრძელვადიან ამოცანებს განსაზღვრავს, ახდენს პრიორიტეტების და რესურსების დაგეგმვის სინქრონიზაციას და მტკიცე თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას უწყობს ხელს.

ჩარჩო დოკუმენტში იდენტიფიცირებული პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები თავდაცვის სფეროში მაღალი დონის ორმხრივი კონსულტაციების ფორმატში ყოველწლიურ გადახედვასა და განახლებას ექვემდებარება.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.