ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ორი უმსხვილესი ნავთობკომპანიის – „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა, რითაც უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკების მიზნით მოსკოვზე ზეწოლის განხორციელებას შეეცდება.
„ყოველთვის, როცა ვლადიმირს ვესაუბრები, კარგი საუბრები მაქვს, მაგრამ შემდეგ ამას არაფერი გაგრძელება არ მოჰყვება. ისინი უბრალოდ არსად არ მიდიან“, – განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები განიხილეს.
სანქციები მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ტრამპმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.
ოთხშაბათს, 22 ოქტომბერს, რუსეთმა უკრაინაში ინტენსიური დაბომბვა განახორციელა, რამაც სულ მცირე შვიდი ადამიანი, მათ შორის ბავშვები იმსხვერპლა.
შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ახალი სანქციები საჭიროა იმის გამო, რომ „პუტინმა უარი თქვა ამ უაზრო ომის დასრულებაზე“. მისი თქმით, ეს ნავთობკომპანიები აფინანსებენ კრემლის „ომის მანქანას“.
„ახლა დროა, შეწყვიტოს მკვლელობა და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი“, – აღნიშნულია ბესენტის განცხადებაში.
ოვალურ კაბინეტში რუტესთან საუბრისას, ტრამპმა გააკრიტიკა პუტინი მშვიდობის დამყარების შესახებ არასერიოზულობის გამო და იმედი გამოთქვა, რომ სანქციები ხელს შეუწყობს სამშვიდობო მოლაპარაკებებში გარღვევას.
„უბრალოდ ვიგრძენი, რომ ამის დრო იყო. ჩვენ დიდხანს ველოდით“, – თქვა ტრამპმა.
მან სანქციების პაკეტს „უზარმაზარი“უწოდა და იმედი გამოხატა, რომ ისინი სწრაფად მოიხსნება, თუ რუსეთი ომის შეწყვეტას დათანხმდება.
რუტემ ასევე შეაქო ეს ნაბიჯი და თქვა, რომ ეს პუტინზე „უფრო დიდ ზეწოლას ახდენს“.
„ზეწოლა უნდა განხორციელდეს და ეს არის ის, რაც მან დღეს გააკეთა“, – თქვა რუტემ.
GUARDIANGE

