მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

აშშ-ის 31 შტატის მონაცემებით, ჯო ბაიდენს საარჩევნო კოლეგიაში 192 ხმა აქვს მიღებული, დონალდ ტრამპს კი 114

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში შტატების უმრავლესობაში კანდიდატებისთვის საარჩევნო კოლეგიაში მიღებული ხმების რაოდენობა ცნობილია და როგორც BBC იუწყება, 50 შტატიდან 31-ში ხმების წინასწარი მონაცემებით „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი ჯო ბაიდენი ლიდერობს. მას 192 ხმა აქვს მიღებული, მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კი 114. საარჩევნო კოლეგიის ჯადოსნური ციფრი, რომელიც კანდიდატის გამარჯვებას უზრუნველყოფს, 270-ია.

BBC-ის თანახმად, კანდიდატები ასე გამოიყურებიან:

ჯო ბაიდენი 14 შტატში, პლუს ვაშინგტონ დი-სი-ში იმარჯვებს. ეს შტატებია: ვერმონტი, დელავერი, მერილენდი, მასაჩუსეტი, ნიუ ჯერსი, ნიუ იორკი, კონეკტიკუტი, კოლორადო, ნიუ მეხიკო, ნიუ ჰამპშირი, ილინოისი, კალიფორნია, ორეგონი, ვაშინგტონის შტატი და ვაშინგტონ დი-სი.

დონალდ ტრამპი 17 შტატში იმარჯვებს. ეს შტატებია: ინდიანა, კენტუკი, ოკლაჰომა, ტენესი, დასავლეთ ვირჯინია, არკანზასი, სამხრეთ დაკოტა, ჩრდილოეთ დაკოტა, ალაბამა, სამხრეთ კალიფორნია, ლუიზიანა, ნებრასკა და ნებრასკას მესამე რაიონი, იუტა, მისური, კანზასი, ვაიმონგი და მისისიპი.

როგორც ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ იტყობინება, პრეზიდენტ ტრამპს, სამშაბათს, მის მოწინააღმდეგე ბაიდენზე მოწინავე პოზიცია ეკავა მნიშვნელოვან საბრძოლო შტატ ფლორიდაში და რამდენიმე სხვა გადამწყვეტ შტატში, რომელიც არჩევნების ბედს გადაწყვეტს, მათ შორის ჩრდილოეთ კაროლინაში, ოჰაიოში და ტეხასში.

„ფოქს ნიუსის“ მიხედვით, ტრამპი გაიმარჯვებს ფლორიდაში – შტატში, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტრამპისთვის, რომ საარჩევნო კოლეგიაში საჭირო 270 ხმა მოაგროვოს, რამაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში მისი ისევ პრეზიდენტობა უნდა უზრუნველყოს.

როგორც BBC წერს, თუკი ტრამპმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები წააგო, იგი 1992 წლის შემდეგ პირველი მოქმედი პრეზიდენტი იქნება, ჯორჯ ბუშ უფროსის შემდეგ, რომელიც მეორე ვადით არ იქნება არჩეული.  

GUARDIAN.GE