მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

აშშ-ის შტატ ორეგონში, ხანძარმა 300 000 აკრზე მეტი ტერიტორია გაანადგურა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ორეგონში, აქტიურმა ხანძარმა 300 000 აკრზე მეტი ტერიტორია გაანადგურა, ევაკუირებულია ათასობით ადამიანი. BBC-ის ცნობით, შტატ ორეგონის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი მასშტაბის ხანძარს, რომელიც 6 ივლისს დაიწყო, 2 000-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. ამ დრომდე სტიქიამ გაანადგურა ტერიტორია, რომელიც ქალაქ ლოს-ანჯელესზე უფრო დიდი მოცულობისაა. აშშ-ის 13 შტატში ამჟამად ხანძრის 80-ზე მეტი კერაა აქტიური და ცხელ ამინდებს ქარის მაღალი სიჩქარეც თან ახლავს.

ბუთლეგის ხანძარმა, რომელსაც ბუთლეგ სპრინგის ადგილის მიხედვით უწოდეს ეს სახელი, 2 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახადა მიეტოვებინა თავიანთი საცხოვრებელი სახლები, უმეტესწილად სოფლის ტიპის დასახლებებში, და უსაფრთხო ადგილას გადასულიყო. ამ დრომდე, სულ მცირე 160 სახლი და შენობაა გადამწვარი.

ხელისუფლებამ რამდენიმე ქალაქში ევაკუაციის ცენტრები განათავსა. ამ კვირის ამინდის პროგნოზი არაფერს საიმედოს არ იძლევა. მოელიან, რომ ტემპერატურა ნორმალურზე 10 და 15 გრადუსით მაღალი იქნება.

GUARDIAN.GE