საქართველო

აშშ-ის საელჩო: ღრმად შეშფოთებული ვართ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო შეშფოთებას გამოთქვამს ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების გამო და მიიჩნევს, რომ ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათაო ოფისში. ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო.

შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე“, აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში.