საქართველო

აშშ-ის საელჩო: ამერიკული ბიზნესების ვიზიტი აძლიერებს აშშ-საქართველოს თანამშრომლობას

ამერიკული ბიზნესების ვიზიტი აძლიერებს აშშ-საქართველოს თანამშრომლობას კრიტიკული ინფრასტრუქტურის, ციფრული ვაჭრობის, ახალი ტექნოლოგიების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამერიკული ბიზნესების ვიზიტი ხაზს უსვამს აშშ-ის ერთგულებას ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებისა და რეგიონული კავშირების გაძლიერების მიმართ.

„მიმდინარე კვირას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა უმასპინძლა ამერიკელი ბიზნესხელმძღვანელების დელეგაციას და საქართველოს ბიზნესისა და სამთავრობო წრეების წარმომადგენლებს. დელეგაცია ეწვია საქართველოს, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს, რათა გასცნობოდა შუა დერეფნის რეგიონში არსებულ შესაძლებლობებს ვაჭრობის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის სფეროებში. ვიზიტი განხორციელდა აშშ-ის კომერციის სამსახურის, აშშ-საქართველოს ბიზნესის საბჭოს (AGBC), აშშ-აზერბაიჯანის სავაჭრო პალატისა (USACC) და ყაზახეთში ამერიკის სავაჭრო პალატას შორის თანამშრომლობით. ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დელეგაციას სადილზე შეხვდა და დაესწრო მიღებას.

ამერიკული ბიზნესების ვიზიტი აძლიერებს აშშ-საქართველოს თანამშრომლობას კრიტიკული ინფრასტრუქტურის, ციფრული ვაჭრობის, ახალი ტექნოლოგიების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში. ასევე, ხაზს უსვამს აშშ-ის ერთგულებას ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებისა და რეგიონული კავშირების გაძლიერების მიმართ“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.