აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

აშშ-ის მთავარი მოკავშირის, იაპონიის ლიდერი ირანში ჩადის, პრეზიდენტი რუჰანი კი აცხადებს, რომ „იაპონია დაინტერესებულია ირანული ნავთობის ყიდვით“

თეირანსა და ვაშინგტონს შორის დაძაბული ურთიერთობებისა და ამ უკანასკნელის მხრიდან ირანისადმი დამატებითი მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესების ფონზე ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარი მოკავშირის, იაპონიის ლიდერი შინძო აბე ოფიციალურ ვიზიტად თეირანში ჩავიდა და როგორც ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ მასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, იაპონიას სურს შეინარჩუნოს ირანული ნავთობის ყიდვა, თუმცა თავად აბეს არ უხსენებია ირანული ნავთობის ახლახან შეჩერებული შესყიდვები და ამ საკითხის ნაცვლად აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ თავიდან უნდა იქნეს აცილებული კონფლიქტი რეგიონში.

„ჩვენს შეხვედრაზე, ბატონმა აბემ განაცხადა, რომ იაპონია დაინტერესებული იყო ირანის ნავთობის ყიდვით“, განაცხადა რუჰანიმ აბესთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში.

1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ აბე პირველი იაპონელი ლიდერია, რომელიც თეირანს ესტუმრა.

„შეიარაღებული კონფლიქტი ნებისმიერ ფასად უნდა იქნას თავიდან აცილებული. მშვიდობა და სტაბილურობა ახლო აღმოსავლეთში აუცილებელია არა მხოლოდ ამ რეგიონისთვის, არამედ გლობალური ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობისათვის. არავის არ უნდა უნდოდეს ომი. ჩვენ გვსურს მაქსიმალური როლი ვითამაშოთ დაძაბულობის შენელებაში. ეს არის ის, რამაც მე ირანში ჩამომიყვანა“, განაცხადა იაპონიის ლიდერმა, როგორც ამას ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ იტყობინება.

უფრო ადრე, ორმა ირანელმა ოფიციალურმა პირმა „როიტერსს“ უთხრა, რომ თეირანი ტოკიოს მასსა და ვაშინგტონს შორის შუამავლობის თხოვნით მიმართავდა, რათა ირანზე სანავთობო სანქციები შემსუბუქებულიყო.

მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანზე ახალი სანქციები დააწესა და ფაქტობრივად უბრძანა სხვა ქვეყნებს შეეწყვიტათ ირანული ნავთობის ყიდვა, წინააღმდეგ შემთხვევაში თავად გახდებოდნენ სანქციების მსხვერპლნი, იაპონიამ და სხვა რამდენიმე ქვეყანამ მაისიდან ვაშინგტონთან შეთანხმებით განაგრძო ირანული ნედლი ნავთობის ყიდვა, მაგრამ ახალახან მან ირანიდან ნავთობის იმპორტი შეწყვიტა, რათა თავიდან აირიდოს აშშ-ის სანქციები.

გასულ თვეს იაპონიაში ვიზიტისას შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიესალმა აბეს დახმარებას ირანთან ურთიერთობების გაუმჯობესებაში და ხაზი გაუსვა ტოკიოსა და თეირანს შორის „ძალიან კარგ ურთიერთობებს“.

ორ მტრულად განწყობილ ქვეყანას შორის დაძაბულობა გასულ თვეს გაძლიერდა, ერთი წლის შემდეგ, რაც შეერთებული შტატები ცალმხრივად გამოვიდა ირანთან საერთაშორისო ბირთვული შეთანხმებიდან, რომელიც 2015 წელს ბარაქ ობამას პრეზიდენტობისას გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივმოქმედი წევრისა და გერმანიის მიერ ერთობლივად იქნა მიღწეული და რომელიც თეირანს სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ბირთვული პროგრამის განვითარების შეჩერებას ავალდებულებდა.

ვაშინგტონმა გასულ წელს ხელახლა დაუწესა თეირანს სანქციები, აპრილში კი გაამკაცრა ზომები და მოსთხოვა ყველა ქვეყანას შეეჩერებინათ ირანული ნავთობის იმპორტი. ამავე დროს, პენტაგონმა რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალები გაგზავნა იმ მოტივით, რომ ირანული საფრთხეები შეეკავებინა.

თავის მხრივ ირანი დაიმუქრა, რომ გაზრდიდა გამდიდრებული ურანის წარმოებას იმ შეზღუდვების მიღმა, რომელიც ბირთვული შეთანხმებით იყო მიღწეული, თუმცა მას ეს ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამს.

„ირანი ერთგული დარჩება შეთანხმების, რომელიც მნიშვნელოვანია რეგიონის და მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის. თეირანი და ტოკიო, ორივე წინააღმდეგია ბირთვული იარაღის“, განაცხადა რუჰანიმ და დაამატა:

„ირანი არასდროს წამოიწყებს ომს, მაგრამ გამანადგურებელ პასუხს გასცემს ნებისმიერ აგრესიას“.

ივნისის დასაწყისში, ირანმა ამერიკის შეერთებული შტატების სანქციებს „ეკონომიკური ომი“ უწოდა და განაცხადა, რომ იგი არ აწარმოებს მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებთან მანამ, სანამ სანქციები არ მოიხსნება. ოფიციალური თეირანის განცხადებას წინ უძღოდა ვაშინგტონის შეთავაზება, რომ იგი ირანთან მოლაპარაკებებს გამართავდა წინაპირობების გარეშე, თუკი თეირანი თავის ქცევას შეცვლიდა.

„ეკონომიკური ტერორიზმი ირანის წინააღმდეგ უდანაშაულო ადამიანებს ურტყამს. როგორც ამ პატარა ბიჭუნას, რომლის გულმოკლული დედაც ვერ ყიდულობს მისთვის ფეხების პროთეზს, რადგან ისინი სანქციებს ექვემდებარება“, დაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა „თვითერზე“ და თავის განცხადებას ქალის ვიდეოკლიპი დაურთო, სადაც ის ამბობს, რომ ფეხის პროთეზი, რომელიც მის ვაჟს ესაჭიროება, სანქციების ქვეშაა მოქცეული.

„ეს არის დონალდ ტრამპის ეკონომიკური ომი. და ომი და მოლაპარაკებები – წინაპირობებით თუ წინაპირობების გარეშე – ერთმანეთში არ ჯდება“, აღნიშნა ზარიფმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 2 ივნისს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზად არის ჩაერთოს ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებში წინაპირობების გარეშე, მაგრამ მანამდე, პირველ რიგში, უნდა დაინახოს, რომ ირანი იქცევა, როგორც „ნორმალური სახელმწიფო“.

guardian.ge