მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერად 78 წლის „დემოკრატი“ ნენსი პელოსი აირჩიეს

„დემოკრატი“ ნენსი პელოსი ისევ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის სპიკერად აირჩიეს და მან ვაშინგტონში მესამე ყველაზე გავლენიანი პოსტი ჩაიბარა იმ ფონზე, როდესაც ტრამპის მიერ აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის 5 მილიარდზე მეტი აშშ დოლარის გამოყოფის მოთხოვნისთვის სენატორების მიერ უარის თქმის და შესაბამისად, ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის გამო, ამერიკის მთავრობა უკვე ორი კვირაა ნაწილობრივ დახურულია.

პელოსიმ განაცხადა, რომ მას სურს მთავრობამ მუშაობა განაახლოს, მაგრამ დასძინა, რომ იგი მხარს არ დაუჭერს კედლის მშენებლობას.

„მე განსაკუთრებით ამაყი ვარ, რომ ქალი სპიკერი ვიქნები კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის, რომელიც ქალებისთვის კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების მინიჭების 100 წელს აღნიშნავს“, განაცხადა 78 წლის პელოსიმ და დაამატა:

„და ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ყველას გვაქვს შესაძლებლობა და პატივი ვუხელმძღვანელოთ 100-ზე მეტი ქალისაგან შემდგარ კონგრესს, რაც აშშ-ის ისტორიაში კონგრესის ქალი წევრების ყველაზე დიდი რაოდენობაა“.

ისტორიულად მრავალფეროვანი კონგრესი

კონგრესში 102 ქალი მსახურობს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში. მათგან 36 ახლადარჩეული და 43 კი ფერდკანიანია. კონგრესის ახალ ქალ წევრთა შორის უმეტესობა „დემოკრატია“.

კონგრესის წევრ ქალებს შორის მუსლიმებიც არიან – რაშია თლაინი მიჩიგანიდან და ილჰან ომარი მინესოტადან. ამასთან, კონგრესის წევრები გახდნენ ამერიკის პირველი მკვიდრი ქალები – დებრა ჰაალანდი ნიუ მეხიკოდან და შარის დევიდსი კანზასიდან.

ნიუ იორკიდან კი ალექსანდრია ოკასიო-კორტესი კოგრესის ყველაზე ახალგაზრდა წევრი ქალი გახდა, ვინც კი ოდესმე აურჩევიათ.

guardian.ge