მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა. ტრამპი უკრაინასთან მიმართებაში ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესის ობსტრუქციაში დაადანაშაულეს და შესაბამისად კენჭისყრებიც ამ ორ საკითხზე გაიმართა. თითქმის ყველა „დემოკრატმა“ მხარი დაუჭირა ტრამპის იმპიჩმენტს და უკლებლივ ყველა „რესპუბლიკელმა“ ხმა მისცა წინააღმდეგ. ახლა უკვე საკითხის განხილვა სენატში გადაინაცვლებს, სადაც უმრავლესობას „რესპუბლიკელები“ შეადგენენ და სადაც იმპიჩმენტის პროცესი იანვარში დაიწყება, თუმცა პრეზიდენტი სავარაუდოდ გამართლდება, რადგან სენატს მისი თანაპარტიელები აკონტროლებენ.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში პირველი კენჭისყრა პრეზიდენტის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ გაიმართა, რაც უკრაინის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე ტრამპის მხრიდან მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგის, ჯო ბაიდენის უკრაინაში მოღვაწე ვაჟიშვილზე სავარაუდო ზეწოლას უკავშირდება. ამ მუხლს 230-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 197 იყო. მხოლოდ ორმა „დემოკრატმა“ – ნიუ ჯერსის ოლქის კონგრესმენმა ჯეფ ვან დრიუმ, რომელიც პარტიის დატოვებას აპირებს და მინესოტას კონგრესმენმა, კოლინ პეტერსონმა არ დაუჭირა მხარი ტრამპის იმპიჩმენტს.

მეორე ბრალდება კონგრესის მუშაობისთვის ხელისშეშლა იყო, რას უკავშირდებოდა იმას, რომ პრეზიდენტმა უარი განაცხადა იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში თანამშრომლობაზე – არ გასცა მისი მამხილებელი დოკუმენტები და აუკრძალა თავის მთავარ თანაშემწეებს სამხილის მიცემა. ამ ნაწილში მის წინააღმდეგ 229 კანონმდებელმა მისცა ხმა, ხოლო 198-მა კენჭისყრისას წინადადებას მხარი არ დაუჭირა.

სტატისტიკის ვებ-გვერდ „FiveThirtyEight „-ის თანახმად, ამერიკელების უმეტესობა, 57%, შეერთებული შტატების პრეზიდენტის იმპიჩმენტის კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე აცხადებდა, რომ ტრამპმა ჩაიდინა დანაშაული, რომელიც იმპიჩმენტს იმსახურებდა, მაშინ როცა 54%-ს სჯეროდა, რომ არსებობდა საკმარისი სამხილი, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის კენჭისყრა შემდგარიყო. მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ მათ რეალურად სურდათ მისი იმპიჩმენტი. კვლევის თანახმად, 47% მხარს უჭერდა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს, მაშინ როცა ამდენივე – 47% ამის წინააღმდეგი იყო.

უმეტესობა მათ შორის, ვისაც სჯეროდა, რომ ტრამპმა არამართებული ქმედება ჩაიდინა, ფიქრობდა, რომ პრეზიდენტის ბედი 2020 წლის არჩევნების გზით უნდა განსაზღვრულიყო და არა იმპიჩმენტის პროცედურით.

ტრამპამდე აშშ-ის მხოლოდ ორი პრეზიდენტი იქნა იმპიჩმენტის წესით დადანაშაულებული – ენდრიუ ჯონსონი და ბილ კლინტონი – მაგრამ სენატის მიერ არც ერთი მათგანი არ ყოფილა გადაყენებული.

ენდრიუ ჯონსონისთვის იმპიჩმენტის კენჭისყრა 1868 წელს შედგა, თუმცა იგი ერთი ხმით გადარჩა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას და მან თავისი ვადის ამოწურვამდე შეძლო ემსახურა შეერთებული შტატებისთვის.

ჯონსონი ვიცე-პრეზიდენტი იყო იმ დროს, როცა პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი მოკლეს და კონსტიტუციის თანახმად, იგი გახდა აშშ-ის პირველი პირი. ენდრიუ ჯონსონი ამერიკის მე-17 პრეზიდენტი 1865-1869 წლებში იყო. ის 1875 წლის 31 ივლისს გარდაიცვალა.

guardian.ge