მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

აშშ-ის ეროვნულმა ვალმა პირველად გადააჭარბა 22 ტრილიონ დოლარს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ეროვნულმა ვალმა პირველად გადააჭარბა 22 ტრილიონ აშშ დოლარს და ექსპერტებმა გამაფრთხილებლად განაცხადეს, რომ ეს შემდგომი დადასტურებაა იმისა, რომ ქვეყანა არამდგრად ფინანსურ გზას ადგას, რაც შესაძლოა თითოეული ამერიკელის ეკონომიკურ უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებდეს.

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ვალმა 22.012 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა და მხოლოდ მიმდინარე თვეს 30 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

როგორც ამერიკული გამოცემა „USA TODAY“ იტყობინება, ეროვნული ვალი უფრო სწრაფი ტემპებით იზრდება მას შემდეგ, რაც ერთ წელიწადზე მეტი ხნის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა 1.5 ტრილიონი გადასახადის შემცირების პაკეტი წარმოადგინა და ასევე კონგრესის იმ ძალისხმევის შედეგად, რომ გაიზარდოს ხარჯები შიდა და სამხედრო პროგრამებზე. მხოლოდ ბოლო 11 თვეში სახელმწიფომ 1 ტრილიონზე მეტი აშშ დოლარი ვალი დაამატა.

„ამ სამწუხარო ზღვრამდე ასე სწრაფად მიღწევა იმის უკანასკნელი ნიშანია, რომ ჩვენი ფისკალური მდგომარეობა არა მხოლოდ არამდგრადია, არამედ პროგრესირებადიც“, განაცხადა მაიკლ პიტერსონმა, ქვეყნის გრძელვადიან ფისკალურ გამოწვევებზე მომუშავე ორგანიზაცია „Peter G. Peterson“-ის აღმასრულებელმა ოფიცერმა.

ექსპერტების თქმით, მზარდი ვალი ამერიკელებისთვის შესაძლოა, რომ წუხილის საგანს წარმოადგენდეს, რადგანაც დროთა განმავლობაში ამან შეიძლება საპროცენტო განაკვეთის ზრდა განაპირობოს მომხმარებლებისა და ბიზნესებისათვის. უფრო მაღალი განაკვეთი იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთების, კორპორატიული ობლიგაციებისა და აქციების და სხვა ტიპის სამომხმარებლო და ბიზნეს სესხების ზრდის საფუძველი შეიძლება გახდეს.

დიდმა ეროვნულმა ვალმა ასევე შესაძლოა უფრო გაართულოს მთავრობისთვის ხარჯების გაზრდა შემდგომი რეცესიის წინააღმდეგ საბრძოლველად ან პროგრამების დაფინანსებასთან ერთად შეაფერხოს უფრო მეტი ფულის წარმართვა მუშათა ხელახალი გადამზადებისა და ღარიბების დახმარებისათვის.

მზარდ ეროვნულ ვალს პიტერსონი მიაკუთვნებს „ხარჯვასა და შემოსავლებს შორის სტრუქტურულ შეუსაბამობას“. მისი თქმით, ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალები არიან დაბერების გზაზე შემდგარი მოსახლეობა, ჯანდაცვის მაღალი ხარჯები და მზარდი საპროცენტო გადასახადები – საგადასახადო კოდექსთან ერთად, რომელიც საკმარისი შემოსავლის შექმნას ვერ უზრუნველყოფს.

ვალი, რომელიც 22 ტრილიონს სცდება „კიდევ ერთი სამწუხარო შემხსენებელია ჩვენი ერის ლიდერების იმ უპატიებელი ქმედებისა, რასაც ისინი განაგრძობენ და რაც შემდგომ თაობებს უნდა დაუტოვონ“, განაცხადეს ჯუდ გრეგმა და ედუარდ რენდელმა, „ფედერალურ ბიუჯეტზე პასუხისმგებელი“ არაპარტიზანული კომიტეტის პროექტის, არაპარტიზანული კამპანიის „Fix the Debt“-ის თანათავმჯდომარეებმა.

„ბოლო წლების განმავლობაში ფისკალური უგუნურება შოკისმომგვრელია იმ ფონზე, როდესაც ძალზე ცოტას გააჩნია სურვილი წარსდგეს რეალური გეგმით. ჩვენ გვჭირდება პასუხისმგებლობის განცდის მქონე ხელმძღვანელობა, რომ გადაწყვიტოს ვალის პრობლემა“, განაცხადეს მათ.

guardian.ge