ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება

ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება და აღმოსავლეთში გამარჯვებითაც კი შესაძლოა, კონფლიქტი არ დასრულდეს. უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში სასტიკი ბრძოლები გრძელდება და რუსეთი ცდილობს ტერიტორიის აღებას. მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიევის აღების მცდელობებს მძაფრი წინააღმდეგობა გაუწია, მოსკოვმა აქცენტი აღმოსავლეთ ნაწილზე გააკეთა და დონბასის რეგიონის ხელში ჩაგდების მიზნით თავისი ჯარების გადაჯგუფება მოახდინა, თუმცა, აშშ-ის დაზვერვის განცხადებით, ამის მიუხედავად, რუსული ჯარები ჩიხში რჩებიან.

ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ავრილ ჰეინსმა სამშაბათს, აშშ-ის სენატის კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა, რომ პუტინი კვლავ აპირებს „მიაღწიოს მიზნებს დონბასის მიღმა“, მაგრამ ის „აწყდება შეუსაბამობას მის ამბიციებსა და რუსეთის ამჟამინდელ კონვენციურ სამხედრო შესაძლებლობებს შორის“.

მისი შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტს შეუძლია მიმართოს „უფრო მკვეთრ საშუალებებს“, რადგან ომი გრძელდება – თუმცა, მოსკოვი ატომურ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ პუტინი აღიქვამს „ეგზისტენციალურ საფრთხეს“ რუსეთისთვის. თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა სკოტ ბერიერმა იმავე მოსმენაზე განაცხადა, რომ რუსები და უკრაინელები „ცოტათი ჩიხში არიან“.

უკრაინა აცხადებს, რომ ბოლო ბრძოლებში ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთში ოთხი დასახლება დაიბრუნეს. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის წარმატება თანდათან აიძულებს რუსულ ძალებს უკან დაიხიონ ხარკოვიდან, რომელიც ომის დაწყებიდან რუსული ბომბების ქვეშ იმყოფება.

guardian.ge