მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

აშშ-ის არჩევნები: „დემოკრატებმა“ კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს

აშშ-ის შუალედურ არჩევნებში „დემოკრატებმა“ კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში „რესპუბლიკელებზე“ გამარჯვება მოიპოვეს – პირველად, ბოლო 8 წლის განმავლობაში – და პრეზიდენტ ტრამპს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენეს. თუმცა „რესპუბლიკელებმა“ შეძლეს სენატში უმრავლესობის შენარჩუნება.

სამშაბათს გამართულ კენჭისყრას უყურებდნენ, როგორც რეფერენდუმს პრეზიდენტისთვის, იმის მიუხედავად, რომ 2020 წლამდე ამერიკაში არჩევნები არ ტარდება.

როგორც BBC იუწყება, „დემოკრატებს“ ახლა შეეძლებათ დაიწყონ გამოძიებები ტრამპის ადმინისტრაციის შესახებ და ბიზნეს საქმეებზე, გადასახადების დაბრუნებიდან დაწყებული ინტერესთა პოტენციური კონფლიქტით დამთავრებული და დაბლოკონ პრეზიდენტის საკანონმდებლო დღის წესრიგი.

წარმომადგენლობით პალატაში 435 კონგრესმენი იქნება არჩეული. წინასწარი მონაცემებით, ნიუ იორკიდან 29 წლის „დემოკრატი“ ალექსანდრია ოკაციო-კორტეზი იმარჯვებს და იგი აშშ-ის კონგრესში ყველაზე ახალგაზრდა ქალი იქნება, რომელიც კი ოდესმე აურჩევიათ.

მოელიან, რომ „დემოკრატები“ ილჰან ოლმარი და რაშიდა თლაიბი მინესოტასა და მიჩიგანში მიაღწევენ გამარჯვებას, შესაბამისად, და ისინი პირველი მუსლიმი ქალები იქნებიან, რომლებიც ამერიკის კონგრესის წევრები გახდებიან.

რა ხდება სენატის არჩევნებში?

„რესპუბლიკელებმა“კონტროლის შენარჩუნება შეძლეს კონგრესის ზედა პალატაში, სადაც ისინი დღემდე მცირე უპირატესობით 51-49 ფლობდნენ უმრავლესობას.

„რესპუბლიკელმა“ ბიზნესმენმა და ყოფილმა „დემოკრატმა“ მაიკ ბრაუნმა „დემოკრატი“ ჯო დანლი დაამარაცხა ინდიანაში.

ტეხასში, „რესპუბლიკელმა“ ტედ კრუზმა კი მის მოწინააღმდეგე, „დემოკრატების“ ამომავალ ვარსკვლავზე ბეტო ო’რორკზე მოიპოვა გამარჯვება.

ჩრდილოეთ დაკოტაში კი, „დემოკრატი“ სენატორი ჰეიდი ჰეიდკამპი „რესპუბლიკელმა“ კანდიდატმა დაამარცხა.

„დემოკრატმა“ სენატორებმა ჯო მანჩინმა და ბობ მენენდესმა მძიმე კამპანიის შემდეგ შეძლეს თავიანთი ადგილების შენარჩუნება დასავლეთ ვირჯინიასა და ნიუ ჯერსიში, შესაბამისად, მაგრამ ეს არც ისე კომფორტული გამარჯვება იყო, წერს BBC.

მით რომნიმ, „რესპუბლიკელების“ 2012 წლის საპრეზიდენტო კანდიდატმა, აშშ-ის სენატის არჩევნებში უტადან გამარჯვება მოიპოვა, როგორც ეს მოსალოდნელი იყო.

რა ხდება გუბერნატორების არჩევნებში?

ფლორიდაში, მემარცხენე ფრთის წარმომადგენელს, ენდრიუ გილუმს ტრამპისტ კონსერვატორთან, რონ დესანტისთან მოუწია ბრძოლის დანებება.

მოელიან, რომ კოლორადოს გუბერნატორის არჩევნებში „დემოკრატიული პარტიიდან“ ჯარედ პოლისი გაიმარჯვებს და იგი პირველი ღიად გეი მამაკაცი იქნება, რომელიც ამერიკელი გუბერნატორი გახდება.

მოელიან, რომ ნიუ-იორკის „დემოკრატი“ გუბერნატორი ენდრიუ კუომო, რომელზეც ზოგჯერ, როგორც 2020 წლის პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატზეც საუბრობენ, მესამე ვადითაც შეძლებს პოსტის შენარჩუნებას.

„დემოკრატების“ კანდიდატი სტეისი აბრამსი შესაძლოა პირველი აფრო-ამერიკელი ქალი გუბერნატორი გახდეს აშშ-ის ისტორიაში, თუკი იგი ცხარე საარჩევნო კამპანიის შემდეგ შეძლებს „რესპუბლიკელი“ ოპონენტის ბრაიან კემპის დამარცხებას.

6 ნოემბერს, აშშ-ის 50 შტატიდან 36-ში ამერიკელებმა, სენატორებთან და კონგრესმენებთან ერთად, გუბერნატორებიც აირჩიეს.

guardian.ge