აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

აშშ ირანიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ აცხადებს, თეირანი კი ბირთვული შეთანხმებიდან გადის

ირანი 2015 წელს დადებული საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების მთავარი ვალდებულებებიდან გამოვიდა მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ აღნიშნული შეთანხმება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დატოვა.

პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რომ თეირანი შეინარჩუნებს გამდიდრებული ურანის მარაგებს ქვეყანაში და არ გაყიდის მას საზღვარგარეთ. იგი ასევე დაიმუქრა, რომ 60 დღეში უფრო გამდიდრებული ურანის პროდუქციის წარმოებას განაახლებს.

თეირანმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ერაყში დაუგეგმავ ვიზიტად ჩავიდა და შეერთებული შტატების ავიამზიდი ყურის რეგიონში განლაგდა.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა შეერთებული შტატების ძალებისა და მათი მოკავშირეებისადმი ირანისგან მომდინარე საფრთხეებზე განაცხადეს, მაგრამ საფრთხის ზუსტი ბუნების დეტალებზე არ უსაუბრიათ.

2015 წელს დადებული საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება, რომელსაც ხელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმოქმედმა წევრმა – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა – ასევე გერმანიამ (5+1) მოაწერა ხელი საფრთხის ქვეშ 1 წლის წინ დადგა, როცა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეთანხმებიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა.

ტრამპის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისა და თეირანისათვის ვაშინგტონის მხრიდან ახალი სანქციების დაწესების შემდეგ ირანის ეკონომიკა სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. მისი ეროვნული ვალუტა გაუფასურების ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა, წლიური ინფლაცია გაოთხმაგდა და უცხოური ინვესტიციების შედინება შეწყდა.

ამის მიუხედავად, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ინსპექტორების თანახმად, ირანმა შეთანხმებისადმი თავისი ვალდებულებების შესრულებისადმი ერთგულება დაადასტურა.

ევროპელი მხარდამჭერები, რომლებიც სანქციების განახლებას ეწინააღმდეგებიან, ცდილობდნენ შეთანხმების გადარჩენას, მაგრამ ისინი ასევე აფრთხილებდნენ თეირანს, რომ მან უნდა განაგრძოს შეთანხმების ყველა ვალდებულებისა და ასპექტის შესრულება, განსაკუთრებით კი იმ ელემენტების, რომელიც ბირთვულ აქტივობასთან არის დაკავშირებული.

მიუხედავად ამისა, ბირთვული შეთანხმების ფორმატში, რომელიც ცნობილია როგორც „მოქმედების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმა“, ირანი აცხადებდა, რომ იგი სანქციების ნებისმიერ ხელახალ დაწესებას „იმის საფუძვლად მიიჩნევდა, რომ შეწყვეტდა მის მიერ აღებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებას“.

guardian.ge