ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

აშშ ევროკავშირს 30%-იან ტარიფებს უწესებს, ევროკავშირი პროპორციული საპასუხო ზომებით იმუქრება

აშშ ევროკავშირისთვის 30%-იან ტარიფს დააწესებს, რომელიც პირველი აგვისტოდან ამოქმედდება, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ დონალდ ტრამპი 30%-ან ტარიფებს მექსიკასაც უწესებს, რასაც მექსიკა „უსამართლო გარიგებას“ უწოდებს.

„ჩემთვის დიდი პატივია ამ წერილის გაგზავნა, რადგან ის აჩვენებს ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების სიძლიერეს, ერთგულებას და იმ ფაქტს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დათანხმდა ევროკავშირთან თანამშრომლობის გაგრძელებას, მიუხედავად იმისა, რომ თქვენთან ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო დეფიციტი გვაქვს. ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების განსახილველად წლები გვქონდა და დავასკვენით, რომ უნდა გავთავისუფლდეთ ამ გრძელვადიანი, დიდი და მუდმივი სავაჭრო დეფიციტისგან, რომელიც გამოწვეულია თქვენი ტარიფებითა და სავაჭრო ბარიერებით. სამწუხაროდ, ჩვენი ურთიერთობა შორს არის ორმხრივისგან. 2025 წლის 1-ლი აგვისტოდან, ევროკავშირს დავუწესებთ მხოლოდ 30%-იან ტარიფს შეერთებულ შტატებში გაგზავნილ პროდუქტებზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 30%-ი გაცილებით ნაკლებია იმაზე, რაც საჭიროა ევროკავშირთან სავაჭრო დეფიციტის უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. მოგეხსენებათ, ტარიფი არ დაწესდება, თუ ევროკავშირი ან ევროკავშირის კომპანიები გადაწყვეტენ პროდუქტის შეერთებულ შტატებში აწყობას ან წარმოებას და, ფაქტობრივად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სწრაფად, პროფესიონალურად და რუტინულად მივიღოთ თანხმობა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რამდენიმე კვირაში“, – აღნიშნულია დონალდ ტრამპის მიერ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილში.

ტრამპი ასევე წერს, რომ თუკი ევროკავშირი საპასუხო ზომების მიღებას გადაწყვეტს, რა რაოდენობითაც გაზრდის ტარიფს, ის რაოდენობა დაემატება დაწესებულ 30%-ს.

„მოუთმენლად ველოდებით თქვენთან თანამშრომლობას მომავალი წლების განმავლობაში. თუ გსურთ გახსნათ თქვენი აქამდე დახურული სავაჭრო ბაზრები შეერთებული შტატებისთვის და გააუქმოთ თქვენი სატარიფო პოლიტიკა და სავაჭრო ბარიერები, შესაძლოა, განვიხილოთ ამ წერილის კორექტირება. ეს ტარიფები შეიძლება, შეიცვალოს, გაიზარდოს ან დაიკლოს, ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე. თქვენ არასდროს დარჩებით იმედგაცრუებული ამერიკის შეერთებული შტატებით“, – აცხადებს ტრამპი.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ტრამპის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, აშშ-ის მიერ ევროკავშირისთვის 30%-იანი ტარიფების დაწესება ბიზნესებს დააზიანებს და მზად არიან გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი ევროკავშირის ინტერესების დასაცავად, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, პროპორციული საპასუხო ზომებიც მიიღონ.

„მსოფლიოში ცოტა ეკონომიკა თუ შეესაბამება ევროკავშირის დონის გახსნილობას და სამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის დაცვას. ევროკავშირი პრიორიტეტს მუდმივად ანიჭებს შეერთებულ შტატებთან საკითხების მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტას, რაც ასახავს ჩვენს ერთგულებას დიალოგის, სტაბილურობისა და კონსტრუქციული ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მიმართ. ჩვენ კვლავ მზად ვართ, განვაგრძოთ მუშაობა 1-ელ აგვისტომდე შეთანხმების მისაღწევად. ამავდროულად, ჩვენ გადავდგამთ ყველა საჭირო ნაბიჯს ევროკავშირის ინტერესების დასაცავად, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, პროპორციული საპასუხო ზომების მიღებას. ამავდროულად, ვაგრძელებთ ჩვენი გლობალური პარტნიორობის გაღრმავებას, რომელიც მტკიცედ ეფუძნება წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო ვაჭრობის პრინციპებს“, – აღნიშნულია ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებაში.