სირიის არაბთა რესპუბლიკის მიერ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას გმობს ამერიკის შეერთებული შტატები.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ ელიზაბეტ რუდმა ჟურნალისტებთან საუბირისას განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ქართული რეგიონების დამოუკიდებელ რესპუბლიკებად ცნობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს და მოუწოდებს სირიას, რუსეთს და სხვა ქვეყნებს გააუქმონ ამ ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარება.
„აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს სუვერენული ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია. შეერთებული შტატების ამ ორი რეგიონის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად ცნობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს. შეერთებული შტატები მოუწოდებს სირიას, რუსეთს, ნიკარაგუას, ვენესუელას და ნაურუს გააუქმონ ამ ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარება. მსურს აღვნიშნო, რომ შეერთებული შტატების მხრიდან აუცილებლად მოყვება შედეგი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებენ“, განაცხადა ელიზაბეტ რუდმა.
„საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს პოზიცია დაადასტურა საფრანგეთის პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მისალოც წერილშიც, რომელიც პრეზიდენტ მარგველაშვილს გამოუგზავნა”, განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.
სირიის გადაწყვეტილება დაგმო ევროკავშირის ელჩმაც.
„სირიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება არამხოლოდ საერთაშორისო სამართლის ნორმებს, არამედ ევვროკავშირის მტკიცედ გრძელვადიან პოლიტიკას არაღიარების შესახებ.
ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით და დავუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
გერმანიის ელჩის, ჰაიკე რენატე პაიჩის თქმით, „ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგმობთ სირიის მთავრობის გადაწყვეტილებას, რაც ნათელია, რომ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს. გერმანია და ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”.
შეხვედრის დაწყებამდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საფრთხე იმისა, რომ სირიის გადაწყვეტილებას თუნდაც რეგიონში არსებულ ქვეყნებზე გავლენა ექნება, არ არსებობს.
„უკვე დავიწყეთ მუშაობა იმისთვის, რომ გავწყვიტოთ სირიის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობა. ახლა გვაქვს შეხვედრა თბილისში წარმოდგენილ დიპლომატიურ კორპუსთან, სადაც ვისაუბრებთ შექმნილ ვითარებაზე – გავაცნობთ ჩვენს ხედვებს. საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის გარანტიები გვაქვს, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს მტკიცედ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის, იმ რეგიონის ქვეყნებიც, რომელშიც მოხდა ეს არალეგალური აღიარება. ჩვენ ძალიან აქტიური კონტაქტები გვაქვს ახლო აღმოსავლეთის – სპარსეთის ყურის და აფრიკის არაბულ სამყაროსთან და ამ მხრივ, რამე საფრთხე იმისა, რომ ამას ექნება რამე რეაქცია, გავლენა სხვა სახელმწიფოების მიერ მსგავსი არალეგალური ქმედების გამეორებაზე, არ არსებობს”, განაცხადა დონდუამ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურები დაიწყო.