საქართველო

აშკალის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი სუზანა ენოკიანი: ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირ, ცოცხლად უყურონ მასწავლებელს

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის მათემატიკის უფროსი მასწავლებელი და საქმის მწარმოებელი სუზანა ენოკიანი აცხადებს, რომ მასწავლებლის პროფესია მე-9 კლასში აირჩია და ამ პროფესიისადმი სიყვარული მისმა პედაგოგებმა, განსაკუთრებით კი მათემატიკის მასწავლებელმა, ქალბატონმა ვარტიტერ ხეჩოიანმა განაპირობა.

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი სუზანა ენოკიანი

2002 წელს აშკალის საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ სუზანა ენოკიანმა სასწავლებლად სომხეთს მიაშურა და ერევნის ხაჩატურ აბოვიანის სახელობის პედაგოგიური სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა დაასრულა – მათემატიკა-ინფორმატიკის სპეციალობით, რის შემდეგაც მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა, სადაც 2007 წელს ჯერ ინფორმატიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, 2010 წელს კი, მათემატიკის სწავლებას შეუდგა.

ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი სუზანა ენოკიანი

როგორც GUARDIAN.GE-ის სუზანა ენოკიანმა განუცხადა, მისი სკოლაში სწავლის პერიოდში ქართული ენის სწავლების დონე ისეთივე მაღალი რომ ყოფილიყო, როგორც ბოლო წლებშია, აუცილებლად საქართველოში განაგრძობდა უმაღლესში სწავლას.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი აშკალა – სოფლის შუაში საჯარო სკოლა  

„100%-ით, 100%-ით თბილისში გავაგრძელებდი სწავლას ერევნის ნაცვლად, მაგრამ ჩემ დროს ქართული ენა ასე ინტენსიურად არ ისწავლებოდა. მე ფაქტობრივად, ქართული ენა სკოლაში მუშაობის პერიოდში ვისწავლე – ჩვენი სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებლის, თეა გიგიტაშვილის დახმარებით. მის ჯგუფში ვირიცხებოდი და შევძელი A1, A2 და B1 სერტიფიკატების აღება. ასე რომ მცოდნოდა ქართული, გიმეორებთ, ერთი წუთითაც არ დავფიქრდებოდი თბილისში სწავლის გაგრძელებაზე. ახლა სურათი მთლიანად არის შეცვლილი. სომეხი ბავშვები უკვე თავისუფლად საუბრობენ ქართულ ენაზე. მაგალითად, წელს 10-მა მოსწავლემ დაამთავრა აშკალის საჯარო სკოლა, მათგან რამდენიმე ოქროს მედლის კანდიდატია და ჩვენი 6 კურსდამთავრებული ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდა. მჯერა, რომ ისინი წარმატებას მიაღწევენ“, უთხრა GUARDIAN.GE-ის სუზანა ენოკიანმა.

ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი სუზანა ენოკიანი

იგი ამბობს, რომ დისტანციურმა სწავლებამ ახალი მოთხოვნების წინაშე დააყენა პედაგოგი, ისეთ საგანში კი, როგორიც მათემატიკაა, ზოგჯერ ონლაინ სწავლება არც ისე მოსახერხებელია, მით უფრო იმ ფონზე, როცა ინტერნეტი დაბალი სიჩქარით მიეწოდებათ.

ფოტოზე მარჯვნიდან მარცხნივ: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი, მათემატიკის მასწავლებელი სუზანა ენოკიანი და ბუღალტერი აშხენ მანუკიანი

„მე-3, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებს ვასწავლი მათემატიკას. მე-3 კლასში 13 მოსწავლე მყავს და მათ ხან ერთად, ხან კი 2 ან 3 ჯგუფად ვუტარებ ონლაინ გაკვეთილებს. დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან მუშაობა დისტანციურ პირობებში უფრო ადვილია, ვიდრე უფროსკლასელებთან, რადგან მაღალ კლასებში, საგნის სირთულიდან გამომდინარე, დისტანციურად ახსნილი მასალის გაგება ცოტა ჭირს ხოლმე. პატარებთან მუშაობა საინტერესოა, მაგრამ ცოცხალი შეხება, საკლასო ოთახი, ერთი სივრცე, რეალურად ყურება ერთმანეთისთვის სულ სხვა ემოციას და განცდას წარმოშობს. ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პირდაპირ, ცოცხლად უყურონ მასწავლებელს, რადგან ბევრი მათგანისთვის ხომ სწორედ მასწავლებელია იდეალი. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მათემატიკის ონლაინ სწავლებას ის დადებითი მხარეც აქვს, რომ ვიზუალური რესურსები მეტადაა ხელმისაწვდომი და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ეს პროცესი უფრო მრავალფეროვანია“, ამბობს სუზანა ენოკიანი.

ფოტოზე მარჯვნიდან მარცხნივ: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი, მათემატიკის მასწავლებელი სუზანა ენოკიანი 

აშკალის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი წუხს, რომ წელს მე-12 კლასელებს ბოლო ზარი არ ჰქონდათ და 20 მაისს მათ ცოცხლად ვერ მიულოცა სკოლის დამთავრება.

ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი სუზანა ენოკიანი, დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი და ბუღალტერი აშხენ მანუკიანი

„წელს პირველად მოხდა ისე, რომ ბოლო ზარი მე-12 კლასელებისთვის არ დაირეკა. სევდიანია ასეთი ბოლო ზარი, მაგრამ რა გაეწყობა. ყველამ ვიცით რა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაცაა შექმნილი მთელ მსოფლიოში. საბედნიეროდ, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე კარგი სურათია ამ მხრივ. ჩვენ, პედაგოგებს მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის მთავრობისთვის, განათლების სამინისტროსთვის. რთული მდგომარეობის მიუხედავად, ერთი დღით არ დაუგვიანებიათ ხელფასი. დიდი მადლობა ყველას. ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ მასწავლებლის შრომა დაფასდა საქართველოში. 2007 წელს, როცა პირველად შევუდექი პედაგოგიურ საქმიანობას, ხელფასი ძალიან დაბალი იყო, ახლა შედარება არაა, უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისად კიდევ უფრო გამეზარდა ხელფასი და ასევე მაღალმთიანი რეგიონების სტატუსიდან გამომდინარე დამატებითი სახელფასო ანაზღაურებაც გვეძლევა“, აცხადებს GUARDIAN.GE-ისთან საუბარში სუზანა ენოკიანი.

ფოტოზე წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი სუზანა ენოკიანი

იგი იმედს იტოვებს, რომ სექტემბერში ახალი სასწავლო წელი ტრადიციული ფორმით დაიწყება და ელოდება ამ დღეს, რომ მონატრებულ სკოლას და ბავშვებს საკლასო ოთახებში შეხვდეს.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი აშკალა – სოფლის შუაში საჯარო სკოლა 

GUARDIAN.GE