„ჩვენ ვგეგმავთ გავიმარჯვოთ. 2020 წლის არჩევნებში რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ იქნება განახლებული გუნდით და ძალიან ძლიერი პროგრამით წარმოდგენილი. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ ჩვენი მოქალაქეები, ეს იქნება ჩვენთვის უპირობოდ მისაღები“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, უმრავლესობის წევრების ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
როგორც მან აღნიშნა, დღეის მონაცემებით შეთანხმება შესაძლებელია და იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც „ხელს შეუშლის და დაბლოკავს შეთანხმებას, მოუწევს რომ საზოგადოებას და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს აუხსნას თუ რა იყო ეს რეალური მიზეზები და მოტივაცია, რომელიც შესაძლოა შეთანხმებისათვის ხელისშემშლელი გახდეს“.
„როგორც პროპორციებთან დაკავშირებით, ასევე 40%-იანი მხარდაჭერის პრინციპთან და ასევე ბარიერთან მიმართებაში არის გაკეთებული ჩვენი მხრიდან სამართლიანი და პრაგმატული შეთავაზებები.
„მე განვაცხადე ჯერ კიდევ წინა დღეებში, შესაძლოა ოპოზიცია არ ელოდა და მთელი კვირის და 10 დღის განმავლობაში მათი მთავარი სპიკერები ამბობდნენ, რომ პარტია, რომელსაც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა აქვს, არ უნდა ჰქონდეს უმრავლესობის და ხელისუფლების დაკომპლექტების შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია ეს არის. ჩვენ არც კი გვიფიქრია როდესმე ჩვენი კამპანიის დაგეგმვისას და არც წარსულში რომელიმე საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ არ გვქონია ამაზე ნაკლები შედეგი, შესაბამისად, არც მომავალში არ ვფიქრობთ, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერით რომელიმე პარტიას და მით უმეტეს „ქართულ ოცნებას“ უნდა ჰქონდეს ხელისუფლება, პირიქით, ჩვენ ვგეგმავთ, რომ გავიმარჯვოთ დამაჯერებლად და მივიღოთ 40%-ზე გაცილებით მაღალი შედეგი და შესაბამისად, ეს პირობა ჩვენთვის არის ცალსახად სამართლიანი და ჩვენ უკვე წარვუდგინეთ ოპოზიციას კონკრეტული საკანანომდებლო მონახაზი, როგორ შეიძლება ეს აისახოს კანონში.
„მეორე. როდესაც საუბარია პროპორციებზე, პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ თუ ეს 40%-ის პრინციპი იქნება ასახული კანონმდებლობაში 110-40-ზე და 100-50-ზეც რეალურად ხდება მეორეხარისხოვანი საკითხი, ვინაიდან ამ ჩამკეტის, ანუ ამ 40%-იანი ბარიერის დაწესება, ეს განაწილება დიდ გავლენას საბოლოო შედეგებზე ვერ ახდენს. ჩვენ დაველოდებით თუ რა იქნება შემდეგი დიალოგისთვის შეთანხმების საგანი. ჯერ კიდევ რამდენიმე დღე რჩება იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება შევძლოთ ჩვენ, მთლიანმა პოლიტიკურმა სპექტრმა და დაველოდებით და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
GUARDIAN.GE