საქართველო

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ წინაპრების დაწყებულ საქმეს – ბრძოლას თავისუფლებისთვის

„დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირ წინაპრებს, რომელთაც საკუთარი სიცოცხლე გასწირეს სამშობლოსთვის, დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლების დასაცავად – ეს იყო გმირობის მაგალითი, რომელიც ყველა თაობისთვის მისაბაძია, თუ როგორ უნდა გიყვარდეს საკუთარი სამშობლო და როგორ უნდა დაიცვა თავისუფლება და დამოუკიდებლობა, როდესაც მას საფრთხე ემუქრება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იუნკერთა მემორიალთან განაცხადა, სადაც არჩილ თალაკვაძე დეპუტატებთან – დავით სერგეენკოსთან, ირაკლი ბერაიასთან და ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან, პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან და თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად იმყოფებოდა.

საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ახალგაზრდების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.