საქართველო

არჩილ თალაკვაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დავასრულოთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი, რომელიც არჩევნებს უკავშირდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საგანგებო პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მმართველი პარტია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე დასრულდეს არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი.

„მინდა, შევეხო ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც აინტერესებთ პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკურ სუბიექტებს. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები პოლიტიკურ სპექტრთან და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დავასრულოთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი, რომელიც არჩევნებს უკავშირდება. ამასთან ერთად, საარჩევნო კოდექსი და ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთან დაკავშირებითაც ოპოზიციასთან, პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ვმუშაობთ. შესაბამისად, ეს ვადები დაკორექტირდება, მოხდება საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობის კალენდრის ადაპტირება და მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა, მისი დასრულებისთანავე განვაახლებთ ამ პროცესს და ვეცდებით, რომ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დავასრულოთ ეს სამუშაო“, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.