საქართველო

არჩილ თალაკვაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს სიმართლე ჰააგის სასამართლოშიც დამტკიცდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრომ, ხელისუფლებამ, მთავრობამ დაუღალავად იმუშავეს იმისათვის, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს თავისი სიმართლე დაემტკიცებინა.

მისივე თქმით, პროცესი მიმდინარეობს ჰააგის სასამართლოშიც და როგორც თალაკვაძე ამბობს, ყველაფერს გააკეთებენ, რათა საქართველოს სიმართლე ამ სასამართლოშიც დამტკიცდეს. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება ქვეყნის დეოკუპაციისთვის მშვიდობიან ბრძოლას გააგრძელებს.

„ამ წლების განმავლობაში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მთელმა სამინისტრომ, ხელისუფლებამ და მთავრობამ იმუშავეს დაუღალავადმ რათა საქართველოს თავისი სიმართლე დაემტკიცებინა ევროპის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში. მოგეხსენებათ, ჰააგის სასამართლოშიც მიმდინარეობს პროცესი. გულრწფელად შემიძლია გითხრათ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს სიმართლე ამ სასამართლოშიც დამტკიცდეს და იყოს აღიარებული. ეს სამუშაოები არის გაწეული. ძალიან მასშტაბური საქმე გაკეთდა მტკიცებულებების წარსადგენად და ვაგრძელებთ ბრძოლას ქვეყნის დეოკუპაციისთვის. ეს ბრძოლა არის მშვიდობიანი, ეფუძნება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და აქ სიმართლე, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოების, არის საქართველოს მხარეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.