საქართველო

არჩილ თალაკვაძე: ყველანი ერთად ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც ყველა დაბრუნდებით და ერთად მივიღებთ მონაწილეობას უკეთესი მომავლის შექმნაში

„ჩვენმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ საიმედო პარტნიორია დასავლური ოჯახისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის უსაფრთხოების სფეროში, არამედ არის სახელმწიფო, რომელმაც შეძლო რთულ ბიოლოგიურ საფრთხესთან, კოვიდ პანდემიასთან გამკლავება. ჩვენ გვაქვს დღეს ბევრად უფრო უსაფრთხო სახელმწიფო, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები და სადაც სახელმწიფო ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე, მათ შორის, საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებზე. ჩვენ, ყველანი ერთად ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც ყველა დაბრუნდებით და ერთად მივიღებთ მონაწილეობას უკეთესი მომავლის შექმნაში“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ ნომინანტთა შესარჩევი კონკურსის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

არჩილ თალაკვაძემ ყურადღება გაამახვილა დიასპორის როლზე და მნიშვნელობაზე ქვეყნის ცხოვრების და მისი ტრადიციების და ისტორიის პოპულარიზაციის საქმეში. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ემიგრანტების როლზე, რომლებიც საზღვარგარეთ შრომობენ, ქმნიან დოვლათს, ინტელექტუალურ პროგრესს და ეხმარებიან თავის სამშობლოს.

„საქართველოს ჰყავს წარმატებული და ძლიერი დიპლომატიური სამსახური, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ჰყავს არერთი ძალიან წარმატებული თანამემამულე საზღვარგარეთ, ვინც ჩვენს სამშობლოს ღირსეულად წარმოაჩენენ. ადამიანები, რომლებიც შრომობენ და ქმნიან დოვლათს, ქმნიან ინტელექტუალურ პროგრესს და ეხმარებიან თავის სამშობლოს, საქართველოს. დიასპორას აქვს განუზომლად დიდი მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში, აწმყოსა და მომავალში, ვინაიდან, კულტურული მემკივიდრეობა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, გვეკუთვნის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, არამედ ეკუთვნის მთელ მსოფლიოს და სწორედ ეს ადამიანები, ემიგრანტები აცნობენ საქართველოს მთელ მსოფლიოს.

ბოლო პერიოდში ჩვენ გამოვიარეთ რთული დღეები, გლობალურმა პანდემიამ გამოწვევის წინაშე დააყენა მთელი მსოფლიო. გამოცდის წინაშე დააყენა მსოფლიოს წარმატებული ქვეყნების ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური სისტემები. ჩვენმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ საიმედო პარტნიორია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის უსაფრთხოების სფეროში, არამედ არის სახელმწიფო, რომელმაც შეძლო ამ რთულ ბიოლოგიურ საფრთხესთან გამკლავება. ჩვენ გვაქვს დღეს ბევრად უფრო უსაფრთხო სახელმწიფო, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები და სადაც სახელმწიფო ზრუნავს მის თითოეულ მოქალაქეზე, მათ შორის, საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელიც საქართველომ უკანასკნელ წლებში განახორციელა. მათ შორის, მთავარ კონსტიტუციაზე, რომელიც განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებზე: „2017-2018 წლებში საქართველოს პარლამენტმა და ჩვენმა ქვეყანამ განახორციელა ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები. ჩვენ შევცვალეთ კონსტიტუცია და მივიღეთ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის სტაბილურ მომავალს, განსაზღვრავს იმ ძირითად წესებს, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ ხვალ და როგორი სახელმწიფო სურთ ჩვენს შვილებს და სწორედ ამ კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომელიც მკაფიოდ მხარს უჭერს დიასპორებს და ჩვენი თანამემამულეების კავშირების შენარჩუნებას სამშობლოსთან. ეს ხდება პირველად, როდესაც ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო დოკუმენტი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებზე“.

არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივებს სხვადასხვა მიმართულებით. მისი განცხადებით, ამ პროგრამების მეშვეობით ჩვენს თანამოქალაქეებს საზღვარგარეთ მიეცათ საშუალება, რომ განახორციელონ ის პროექტები და ინიციატივები, რომელიც ემიგრაციაში მყოფ ქართველებს დაეხმარება.

პროგრამაში მონაწილეებს სიტყვით მიმართა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ:

„ჩვენ აღვადგენთ იმ რეჟიმს, როცა თქვენთან ჩამოვდიოდით. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სადაც ერთი ქართველი მაინც არის, იქ პატარა საქართველოა“, ასეთია საქართველოს ბედ-იღბალი. ჩვენ ჩამოვყალიბდით ისეთ ქვეყნად, რომელსაც ჰყავს ძალიან დიდი დიასპორა. ეს ასეთნაირად საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა და, როგორც წესი, არ იყო ადამიანების საკუთარი სიხარულითა და დიდი სურვილით გამოწვეული… თითოეულ ჩვენს თანამემამულეს ველოდებით საქართველოში მიუხედავად ასაკისა, სქესისა და ეროვნებისა. განსაკუთრებით ველოდებით იმ თაობას, რომელმაც ხელში უნდა აიღოს ქვეყნის მართვა, რომელმაც უნდა შექმნას ეკონომიკა ადგილზე და ჩამოიყვანოს ის მეგობრები და გულშემატკივრები, რომელზეც იქნება დამოკიდებული ჩვენი პატარა ქვეყნის განვითარების ბედი“.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ისაუბრა ქართულ დიასპორასთან დაკავშირებულ მიმდინარე თუ დაგეგმილ ღონისძიებებზე.

„მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ ვაგრძლებთ მუშაობას. ბატონ მინისტრთან ერთად შევქმენით უწყებათაშორისი კომისია, რომლის ხელმძღვანელიც არის ბატონი პრემიერი და კურირებს პარლამენტის თავმჯდომარე. ჩვენ ამ კომისიის ფარგლებში ვაყენებთ საკითხებს, რომელიც სჭირდება თითოეულ დიასპორელს. გვსურს, გავააქტიუროთ დიასპორული ინვესტიციების გაჩენა საქართველოში. ყველაზე დიდი ინვესტორები ჩვენი დიასპორელები უნდა გახდნენ. ვმუშაობთ იმაზე, რომ ფულადი გზავნილები გაიაფდეს. თითოეულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში უახლოეს პერიოდში გაჩნდება დიასპორასთან ურთიერთობის თანამშრომელი“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

სახელმწიფო საგრანტო პროექტის – „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ ფარგლებში 19 ქვეყნიდან 45 გამარჯვებული დიასპორელი გამოვლინდა.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) ფართოდ გავრცელების შედეგად შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს პრიორიტეტი მიენიჭა იმ პროექტებს, რომელთა მიზანს წარმოადგენდა პანდემიის შედეგად შექმნილი კრიზისული ვითარების ფონზე უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარება და მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების/გაერთიანებების ფუნქციონირების ხელშეწყობა.