საქართველო

არჩილ თალაკვაძე: „საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება, თუ ასეთი მოხდება, იქნება მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობა“

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ყველა ფაქტი და დოკუმენტი, მათ შორის თავად შეთანხმების ტექსტი, მკაფიოდ ადასტურებს, რომ პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით არავის წინაშე არ დაუდია, ოპოზიცია უტიფრად სპეკულირებს და აცხადებს, თითქოს, მმართველმა პარტიამ პატიმრების გათავისუფლების ვალდებულება აიღო და საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით ემუქრება.

„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება, თუ ასეთი მოხდება, იქნება მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობა, ვინაიდან „ქართული ოცნება“ არის მოწოდებული, რომ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და მხარი დაუჭიროს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

აშკარაა, რომ ოპოზიციას აშფოთებს მოსახლეობის უკიდურესად დაბალი მხარდაჭერა, აშინებს მოახლოებული არჩევნები და კვლავაც რადიკალურ სცენარზე ფიქრს ამჯობინებს, რისთვისაც გარკვეული საგარეო მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს. თუმცა, ეს რადიკალური სცენარი და მისი ნებისმიერი საგარეო მხარდაჭერა კიდევ ერთი წარუმატებლობისთვის არის განწირული. ამის დასტურია ქართული საზოგადოების ადეკვატური რეაქცია ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის წერილზე, რომელმაც მმართველ პარტიას სასამართლოს საქმეებში ჩარევა ყოველგვარი მორიდების გარეშე მოთხოვა. სამწუხაროდ, ამგვარი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება შეურაცხყოფს იმ მაღალ მხარდაჭერას, რომლითაც ქართული საზოგადოება დასავლური ინტეგრაციის იდეის მიმართ გამოირჩევა“, – განაცხადა თალაკვაძემ.