საქართველო

არჩილ თალაკვაძე: „პრეზიდენტს ჰქონდა ძალიან მოკლე გამოსვლა, ჩვენ უფრო მეტი მოლოდინი გვქონდა”

პრეზიდენტის გამოსვლაში არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი საერთოდ არ იყო გაჟღერებული, სამწუხაროდ, ასე აფასებს პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

თალაკვაძის თქმით, პრეზიდენტმა საქართველოს თავდაცვაზე, ჯარისკაცებზე, თავდაცვისუნარიანობაზე, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე არაფერი თქვა.

მისი განცხადებით, მარგველაშვილისგან საკმარისი ინფორმაცია ვერ მოისმინეს აშშ-სა და ევროკაშირთან სტრატეგიული თანმშრომლობის, პერსპექტივების შესახებ. არჩილ თალაკვაძის თქმით, მარგველაშვილს ახალ კონსტიტუციაზეც არაფერი უთქვამს.

„პრეზიდენტს ჰქონდა ძალიან მოკლე გამოსვლა, ჩვენ უფრო მეტი მოლოდინი გვქონდა, რომ ის ისაუბრებდა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე….

მან გააკეთა აქცენტები, რომ 2012 წლის არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გაიმარჯვა და ეს იყო მნიშვნელოვანი ცვლილება, თუმცა, როდესაც ამას ამბობდა პრეზიდენტი, მე გამიჩნდა განცდა, რომ 2012 წლის შემდეგ, მას დაავიწყდა „ქართული ოცნება” და მას დაავიწყდა ის დაპირებები, რომლებიც საზოგადოებას „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მისცა. არ უსაუბრია რა გააკეთა პრეზიდენტმა, როგორც ნეიტრალურმა ზეპარტიულმა ფიგურამ იმისთვის, რომ მეტი კონსოლიდაცია მომხდარიყო”, განუცხადა „რუსთავი 2″-ს არჩილ თალაკვაძემ.