საქართველო

არჩილ თალაკვაძე: „ოპოზიციის ნაწილი ერთი მხრივ ხალხის ხმებითა და მანდატებით ვაჭრობს, მეორე მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ტყვეობაში აიყვანოს მთელი ოპოზიცია“

ოპოზიციის ნაწილი ერთი მხრივ ხალხის ხმებითა და მანდატებით ვაჭრობს, მეორე მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ტყვეობაში აიყვანოს მთელი ოპოზიცია, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძე საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ოპონენტების რეაქციებს გამოეხმაურა. მისი თქმით, მაღალი ალბათობით, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც დაბალი მხარდაჭერა აქვს, მძიმე ბიოგრაფიის მქონე ლიდერები ჰყავს, რომლებიც საარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ატარებენ, რადგანაც ქვეყანაში არ აქვთ მხარდაჭერა, ეცდებიან, საკუთარი ლობისტური რესურსები და კონტაქტები გააქტიურონ.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას უნდა, რომ გარედან ისეთი სახის მხარდაჭერა მიიღოს, რაც შეიძლება, შიდა მოლაპარაკებებში მანდატებით ვაჭრობის პროცესში გამოადგეს

„რასაც ოპოზიციის კონკრეტული ნაწილი აკეთებს, ერთი მხრივ, ეს არის ხალხის ინტერესებით, ხმებითა და მანდატებით ვაჭრობა, ხოლო მეორე მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ტყვეობაში აიყვანონ მთელი ოპოზიციური სპექტრი. მინდა, ისინი დავარწმუნო, რომ ოპოზიციაში არიან პასუხისმგებლიანი და გონიერი ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს კარგად ხედავენ და ეს მოლაპარაკებების პროცესში ჩანს. საჯარო განცხადებები გაკეთდა, სადაც ლიდერები პირდაპირ ამბობენ, რომ შეთანხმების შესაძლებლობა არსებობს. მეც გიდასტურებთ, რომ ახლა ობიექტურად შეთანხმების შესაძლებლობა არსებობს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.