საქართველო

არჩილ თალაკვაძე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მედლინ მუნს შეხვდა

შეხვედრაზე საქართველოსა და ნატოს შორის არსებულ მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა მაღალი დონის მოლაპარაკებებისა და ერთობლივი ღონისძიებების გამართვის მნიშვნელობას.

არჩილ თალაკვაძემ და მედლინ მუნმა ყურადღება საქართველოს პარლამენტსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობასა და იმ წვლილზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოს ნატოსთან დაახლოების პროცესში საპარლამენტო განზომილებებს შორის აქტიურ კავშირებს შეაქვს.

საუბარი, ასევე, საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და დემოკრატიულ რეფორმებს, ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და ოკუპაციისგან მომავალ საფრთხეებს შეეხო.
ხაზგასმით აღინიშნა რომ საქართველო მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ როლს ასრულებს რეგიონში და რომ მისი სტაბილურობა და უსაფრთხოება გადამწყვეტი ფაქტორია რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობისთვის.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, არჩილ თალაკვაძემ და მედლინ მუნმა პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ვიზიტისა და ასამბლეასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო არის და მომავალშიც იქნება ნატოს და დასავლური ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მოკავშირე და პარტნიორი.