საქართველო

არჩილ თალაკვაძემ და 10 წლის ექვთიმე თაყაიშვილმა, „ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი“ გახსნეს

საქართველოს პარლამენტმა პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უმასპინძლა.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის შთამომავალმა, 10 წლის ექვთიმე თაყაიშვილმა, „ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი“ გახსნეს.

მუზეუმი წარმოდგენილია ცენტრალური, „დიდების დარბაზით“ და ეპოქების ამსახველი შესაბამისი ოთხი სივრცით.

„ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმის“ დათვალიერებით მნახველს 1919 წლიდან ქართული პარლამენტარიზმის დღემდე განვლილ გზაზე სრული წარმოდგენა შეექმნება და გაეცნობა ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და უცხოეთის სხვადასხვა არქივებსა თუ წიგნთსაცავებშია დაცული. ვიზიტორები თამარ მეფის დროინდელი „კარვის“ შესახებ ექსპოზიციასაც გაეცნობიან, რომელიც საქართველოში პარლამენტარიზმის დამკვიდრების პირველ მცდელობად მიიჩნევა.