„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობასა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობის სხდომაზე სამთავრობო ცვლილებები განხილული არ ყოფილა.
თალაკვაძემ აღნიშნული განცხადება რამდენიმე წუთის წინ ჟურალისტებთან საუბრისას გააკეთა.
შეხვედრის დაწყებამდე დეპუტატები სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ ცვლილებები ბოლოდროინდელი პროცესებიდან გამომდინარე საჭირო და აუცილებელია. არჩილ თალაკვაძემ კი აღნიშნა, რომ „ზოგიერთ დეპუტატს შესაძლოა აქვს მსგავსი მოსაზრება”, თუმცა, რეალურად უმრავლესობის სხდომაზე განხილული არა მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებები, არამედ მიმდინარე პროცესები და გაეროს ეგიდით ჩატარებული კვლევის შედეგები იყო.
„ვიმსჯელეთ გაეროს ეგიდით ჩატარებული კვლევის ძირითად შედეგებზე და ამ შედეგებთან დაკავშირებით იყო განხილული მთელი რიგი საკითხები, მათ შორის, კვლევით უკვე ცნობილია, რომ ჩვენი თანამოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ დგას იმ პრობლემების წინაშე, რაშიც ხელისუფლების და მთავრობის მოქმედების გეგმა საჭიროა. ჩვენ ველოდებით მთავრობისგან კონკრეტულ სამოქმედო გეგმას იმ შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობასთან დაკავშირებით გადაიდგმება”, განაცხადა თალაკვაძემ.

