საქართველო

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვოს, „ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა მიმდინარეობს“

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების სქემაზე საუბრობს.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ პრესკონფერენცია გამართეს და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდეს, დაინტერესდნენ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტით.

საია-ს აღმასრულებელი დირექტორის, ირმა პავლიაშვილის განცხადებით, ორგანიზაციას დაუკავშირდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებული ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ მეორე ტურისთვის პირადობის მოწმობების დაბეჭდვა მიმდინარეობს.

პავლიაშვილის ინფორმაციით, ყალბი პირადობები განკუთვნილია იმისთვის, რომ მოხდეს მისი სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გამოყენება.

„გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომლის ფარგლებშიც, სააგენტო ბეჭდავს პირადობის მოწმობებს, რომელიც გამოყნებული იქნება მეორე ტურისთვის – იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვოს.

წყაროს ინფორმაციით, ყველა მოწმობა დაიბეჭდება იმ სქემით, რომ ერთი პირზე მოხდეს 5 პირადობის დაბეჭდვა და ამ შეთხვევაში ერთი და იგივე გამეორდება – ფოტო, ხოლო სხვა მონაცემები – სხვადასხვა იქნება. შემდგომ უკვე შესაბამისი სია გადანაწილდება უბნებსა და ოლქებში”, განაცხადა საია-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.