საქართველო

ანრი ოხანაშვილი: „ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ამოქმედდეს სწორად, დათქმულ ვადაში და იმუშაოს შეუფერხებლად“

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოძიების ჩატარების მექანიზმები და პროცედურები იხვეწება, ამასთან, ნათლად განისაზღვრება გამოძიების ჩატარებასა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულისა და თანამდებობის პირების უფლება-მოვალეობები.

ცვლილებები, რომელიც „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონსა და საკანონმდებლო პაკეტში შედის, საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილეს.

როგორც მომხსენებელმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდება.

„ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ აღნიშნული სამსახური ამოქმედდეს სწორად, დათქმულ ვადაში და იმუშაოს შეუფერხებლად. ჩვენ მიერ წარმოდგენილი ცვლილებები სწორედ გამოძიების ეფექტიანად და ხარისხიანად წარმართვას ემსახურება. მეორე ძირითადი ამოცანა გახლავთ სოციალური გარანტიების შექმნა იმ ორგანოს თანამშრომლებისთვის, რომლებიც საგამოძიებო ფუნქციებს ახორციელებენ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.