საქართველო

ანრი ოხანაშვილი: არ მომხდარა არავითარი გამკაცრება – არსებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი

„არ მომხდარა არავითარი გამკაცრება, არსებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, არ მოხდება ჩვენ მიერ მიღებული კოდექსის გამოყენება, არამედ მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას თავისუფლების აღკვეთის სახით მაქსიმუმ სამ წლამდე“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

ანრი ოხანაშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, დამატებითი განმარტებები გააკეთა და ოპონენტების განცხადებებს უპასუხა.

„გარკვეულმა ჯგუფებმა სცადეს ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თითქოს, საქართველოს პარლამენტმა გაზარდა სანქცია თავისუფლების აღკვეთით 6 წლამდე, თითქოს ამ სანქციას გამოყენება ექნება დღეიდან და თითქოს, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს შევუფარდებთ თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე – ეს არის ტყუილი და დეზინფორმაცია. დღეს მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებულია უკვე დაწესებული პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ეს დეკრეტი რჩება ძალაში და ეს რეგულაციებიც რჩება ძალაში. ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას თავისუფლების აღკვეთის სახით მაქსიმუმ სამ წლამდე და ისიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემდგომ თუკი განმეორებით ჩაიდენს პირი ქმედებას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.